პარასკევი, 29.03.2024, 01:21
Мой сайт
 
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » Test category » მეგრელების ფორუმი » სამეგრელოს ეპარქიები
სამეგრელოს ეპარქიები
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 10:57 | შეტყობინება # 1
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ჭყონდიდის ეპარქია

ჭყონდიდის ეპარქია დასავლეთ საქართველოში სამეგრელოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: აბაშას, მარტვილს და მათ მიმდებარე ტერიტორიას. საეკლესიო ტრადიცია ქრისტიანობის ქადაგებას ამ მხარეში წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს მიაწერს. პირველი ეკლესია წმინდა მოციქულს მთელს ეგრისში ცნობილი კერპის - მუხის ხის, მეგრულად „ჭყონი დიდი“ მოკვეთილი მასალისგან აუგია. გადმოცემით, მისი სახელწოდებაც „ჭყონდიდი“ სწორედ აღნიშნულ ფაქტს უკავშირდება. IV საუკუნიდან ქვეყნის მოქცევასთან ერთად ეს კუთხეც გაქრისტიანდა, მაგრამ VI ს. II ნახევრიდან ამ მხარეში დაარსებულ ბერძნულენოვან ეპარქიებს შორის გადანაწილდა. აფხაზთა მეფეების მიერ IX-X სს. ამ მხარეში დაარსებულ ქართულენოვან ეპარქიათა შორის (მოქვი, ბედია, ცაიში...) ჭყონდიდი ოდიშის უპირველეს სამღვდელმთავრო კერად ითვლებოდა. ჭყონდიდის სამღვდელმთავრო კათედრა დაარსებიდან (X ს.), მთელი მისი არსებობის მანძილზე ქართული ქრისტიანული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა და დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უპირველესი ეპარქია იყო. ჭყონდიდელი მღვდელმთავრის დიდი გავლენისა და ავტორიტეტის გამო წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა უმაღლესი საერო თანამდებობა - მწიგნობართუხუცესობა მიანდო და მეფის შემდეგ სამეფოს პირველ პირად აქცია. შემდეგში მეფე დავითმა ჭყონდიდელს კიდევ ორი ეპარქია - ბედია და ალავერდი დაუქვემდებარა, რაც მისი მზარდი გავლენის მიმანიშნებელია. ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ზოგჯერ ქართლის უპირველესი საეკლესიო იერარქი - კათოლიკოსიც ხდებოდა.[size=17]

საქართველოს პოლიტიკური დაშლილობის ხანაში XV-XVIII სს. ჭყონდიდელი ეპისკოპოსი აფხაზეთის კათოლიკოსს ექვემდებარებოდა და სამეგრელოს სამთავროსა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. XVII ს-ის 80-იან წლებამდე ოდიშის სამთავროში არსებულ ექვს სამღვდელმთავრო კათედრიდან ჭყონდიდი უპირველესად ითვლებოდა და გარკვეულ დროს ბედიისა და ცაგერ-სვანეთის ეპარქიების სამწყსო ტერიტორიასაც მართავდა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებიდან, დასავლეთ საქართველოში XIX საუკუნეშივე განახლებულ სამღვდელმთავროთა შორის ოდიშის ეპარქიის სახელით აღდგენილი მთელი სამეგრელოს ერთადერთი კათედრა 1882 წლიდან გურიის კათედრასთან გაერთიანდა და გურია-ოდიშის ეპარქია ეწოდა. იმ პერიოდში ეპარქიას მართავდა ცნობილი მღვდელმთავარი და საქართველოს მიერ წმინდანად შერაცხილი ალექსანდრე ოქროპირიძე. გაერთიანებული ეპარქიის კათედრა ამჟამად ფოთში იყო, ხოლო რეზიდენცია - მარტვილში. 1917 წ. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ განახლდა ჭყონდიდის ეპარქიაც.

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 11:00 | შეტყობინება # 2
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიული ეგრისის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: ზუგდიდს, წალენჯიხასა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ზუგდიდისა და ცაიშის სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ჭყონდიდის, დასავლეთიდან ცხუმ-აფხაზეთის, ჩრდილოეთიდან მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრეთიდან ფოთისა და ხობის ეპარიქიები, სამხრეთ დასავლეთის საზღვარი ზღვის სანაპირო ზოლს მიჰყვება.

საეკლესიო ტრადიციის თანახმად ამ მხარეში წმინდა მოციქულების ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელსა და მატათას უქადაგიათ და პირველქრისტიანული თემისათვის ეკლესია დაუფუძნებიათ. IV ს. პირველ ნახევარში ეგრისში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ხოლო V ს. ვახტანგ გორგასალმა სრულად გაათავისუფლა დასავლეთ საქართველო რომაელთაგან.

ცაიშის, იგივე საისი, სისენი, აბისენის შესახებ ცნობები წერილობით წყაროებში VI-VII საუკუნეთა მიჯნიდან ჩანს.

ცაიშელი მღვდელმთავრები დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან პროცესში აქტიური მონაწილეობით გამოირჩეოდნენ. XV საუკუნეში აფხაზეთის საკათალიკოსოს ჩამოყალიბებისას, „მცნებაი სასჯულოში“ მოხსენიებული პირველი კათალიკოსი იოვაკიმე მანამდე ცაიშელ-ბედიელი მწყემსმთავარი იყო.

1917 წლის სექტემბერში ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს საეკლესიო კრების განჩინებით ცაიშის ძველი სამღვდელმთავრო ტერიტორია ჭყონდიდის ეპარქიის შემადგენლობაში ითვლებოდა. 1995 წლის 5 აპრილს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე აღდგა 1823 წლიდან გაუქმებული ცაიშის საეპისკოპოსო კათედრა. ახლად აღდგენილ სამღვდელმთავროს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ეწოდა. აღდგენილი ეპარქიის მართვა 1998 წლამდე შეთავსებული ჰქონდა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოს დანიელ დათუაშვილს. ამჟამად ზუგდიდისა და ცაიშის მღვდელმთავარია მიტროპოლიტი (გერასიმე შარაშენიძე).

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 11:01 | შეტყობინება # 3
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიული კოლხეთის სამეფოში, მდინარე რიონსა და ეგრისწყალს შორის არსებულ ტერიტორიაზე - ოდიშის დაბლობზე მდებარეობს. იგი მოიცავს სამეგრელოს ქალაქებს - სენაკს, ჩხოროწყუს და მათ მიმდებარე ტერიტორიას.

სენაკისა და ჩხოროწყუს სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ჭყონდიდის, დასავლეთიდან - ზუგდიდისა და ცაიშის, ფოთისა და ხობის, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან - ცაგერისა და ქვემო სვანეთის, ჩრდილო-დასავლეთიდან - მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრეთიდან - შემოქმედის ეპარქიები.

ეპარქიის სამწყსო ტერიტორია განფენილია მდინარეების ხობისწყლისა და ტეხურის შუა დინების, და ნაწილობრივ, მდინარე რიონის აუზებზე, რაც ძველი ქართული სამეფოს ეგრისის, იმავე ლაზიკის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს.

მოციქულთა ქადაგებით მოქცეული ამ კუთხის მოსახლეობა, საბოლოოდ IV ს-ში, საქართველოში ქრიტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ქრისტიანდება. გაქრისტიანების მიუხედავად, ერთმორწმუნე ბერძენთა აგრესია ეგრისის მიმრთულებით კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა.

ბერძნულ წყაროთა მიხედვით, ჰერაკლეს შემოსევებისას ეგრისის სამეფოს ტერიტორიაზე არსებულ ბერძნული სამღვდელმთავროების იურისდიქციაში იყო მოქცეული მთელი ზღვისპირეთი. კონსტანტინეპოლის პოლიტიკური და საეკლესიო გავლენისაგან გათავისუფლება VIII ს-დან დაიწყო.

აფხაზეთის საკათალიკოსოს ჩამოყალიბების შემდეგ, მთელ დასავლეთ საქართველოში მისი იურისდიქცია გავრცელდა, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე ძალმომრეობით დაფუძნებული ბერძნული სამღვდელმთავროების ქართულით შეიცვალა.

თანამედროვე სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ტერიტორიის იმჟამინდელი მოსახლეობა ცაიშისა და ჭყონდიდის ეპარქიების შემადგენლობაში ითვლებოდა.

როდესაც საქართველო სამეფოებად და სამთავროებად დაიყო, სენაკის ტერიტორიაზე არსებული უკვე გაყოფილი ეგრისის სამეფოს ძველი დედაქალაქი ციხე-გოჯი, XVI-XVIII ს-ში ოდიშის მთავართა - დადიანთა რეზიდენცია გახდა. ამ დროიდან ჩრდილო კავკასიელ მთიელთა შემოსევებით შევიწროებული აფხაზეთის კათალიკოსი იძულებული ხდებოდა თავშესაფარი შედარებით უსაფრთხო ადგილას ეძია და უპირველესი მღვდელმთავარი ღვთისმსახურებას ხშირად სენაკში აღასრულებდა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ ეს მხარე 1823 წ. ჩამოყალიბებულ სამეგრელოს ეპარქიაში იყო გაერთიანებული. 1874 წ. მაისის თვეში რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით გაუქმებული სამეგრელოს ეპარქია იმერეთის ეპარქიას მიუერთეს, ხოლო 1885 წლიდან შექმნილი გურია-სამეგრელოს ეპარქია სენაკისა და ჩხოროწყუს ტერიტორიებსაც აერთიანებდა.

1917 წ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ განახლდა ჭყონდიდის ეპარქია, რომელიც მთლიანად მოიცავდა სამეგრელოს ტერიტორიას. 1995 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის ეპარქიის საფუძველზე, მის ტერიტორიული გაყოფის შედეგად, აღდგა ძველი სამღვდელმთავროები: ზუგდიდისა და ცაიშის, ფოთისა და სენაკის, და საკუთრივ ჭყონდიდისა. 2003 წ. 18 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით, ჭყონდიდისა და ფოთი-სენაკის ეპარქიათა ხელახალი ტერიტორიული გადანაწილების საფუძველზე ჩამოყალიბდა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია. ახალდაარსებული ეპარქიის საჭეთმპყრობლად წმიდა სინოდმა გამოარჩია არქიმანდრიტი შიო მუჯირი.

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 11:06 | შეტყობინება # 4
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ფოთისა და ხობის ეპარქია

ფოთისა და სენაკის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ისტორიული კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: ფოთს, ხობს და მათ მიმდებარე ტერიტორიას. სამღვდელმთავრო ტერიტორია განვცრობილია მდ. რიონისა და ხობისწყლის ქვემო დინების აუზებზე, რაც ძველი ქართული სამეფოს, ეგრისის დასავლეთ ნაწილს წარმოადგენს.რეგიონში უძველესი დროიდან ბინადროს თვითმყოფადი კულტურის შემქმნელი ხალხი. ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში ეს მხარე ძირითადად ცნობილია მდინარე ფაზისის, იმავე რიონის, შავ ზღვასთან გაშენებული მისი მოსახელე ქალაქ ფაზისის (ფოთის) გარშემო არსებული ეთნიკური ნიშნით გაერთიანებულ ქვეყნად. უძველესი წყაროებით მსოფლიოს ცნობილ მდინარედ მოხსიენიებული ფაზისის შავი ზღვის შესართავთან იწყებოდა აღმოსავლეთის დიდი სავაჭრო გზის ერთი მონაკვეთი. ქრისტეს შობამდე VII-VI საუკუნეებს მიეწერება ამ მაგისტრალის საწყისი პუნქტის, ქალაქური ტიპის დასახლების - ფაზისი დაფუძნება.
თანამედროვე ფოთისა და ხობის ეპარქიის ტერიტორია ადრიდანვე მძლავრ აგრესორთა დაპირისპირების ასპარეზი იყო. ეგრისის სამეფოს ადმინისტრაციული ცენტრი ხან ზღვისპირეთში, ხანაც ქუჯის მიერ დაარსებულ ციხეში - ციხე-გოჯში (ბერძნული არქეოპოლისი) იყო. IV საუკუნიდან რომაული ხარკისგან გათავისუფლებული ლაზიკის (იგივე ეგრისი) სამეფოს მთელი დასავლეთი საქართველო თავისი ძალაუფლების ქვეშ ჰყავდა გაერთიანებული. ამ დროს ფაზისის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს მისი მძლავ საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცევა.დასავლეთ იბერიის საზღვაო ქალაქ ფოთსა და მის მიმდებარე ტერიტორიას ტრადიცია მიიჩნევს მიციქულთა მოღვაწეობის არეალად. ამ ფაქტს უპირველეს ქართულ წყაროსთან „ქართლის ცხოვრებასთან“ ერთად, ძველი ბერძენი და ლათინი ავტორები - კლიმენტი რომაელი, ეპიფანე კვიპრელი, ევაგრე სიცილიელი, ეპიფანე კონსტანტინეპოლელი და სხვ. ადასტურებენ. წმიდა ანდრია და სხვა მოციქულები, აწყურში პირველი საეპისკოპოსოს დაფუძნების შემდეგ ქადაგებით ჩავიდნენ ფაზისში, ზღვის პირას მცხოვრებნი განანათლეს და შემდეგ მოაქციეს მდინარე ფაზისის იბერები... ეგრისი იბერიის თანადროულად გაქრისტიანებულა და პირველ ეტაპზე საქართველოს ერთიანი ეკლესიის იურისდიქცია მთელ ქვეყანაზე ვრცელდებოდა. მოგვიანებით, V ს-დან, დასავლეთ საქართველოში ბიზანტიის ძალაუფლების დამკიდრების შემდეგ ჩვენი ქვეყნის ეკლესიის ერთიანი სხეული დანაწევრდა და ფაზისი იგივე ფოთი მიმდებარე ტერიტორიითურთ და სხვა ქართული პროვინციები ეკლესიურადაც კონსტანტინეპოლის იურისდიქციის ქვეშ აღმოჩნდნენ.
ბერძნულ წყაროთა მიხედვით, ფაზისი (ფოთი) უკვე ამ დროისათვის ლაზიკის სამიტროპოლიტო ცენტრად ითვლებოდა. რაც შეეხება თვით ფაზისის ეპიარქიას, იგი გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა. ფრიად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრების (553 წ.) გადაწყვეტილებებს ხელი მოაწერა „თეოდორე უღირსმან ეპისკოპოსმან ფირსიოსამან (ფასისი, იგივე ფოთი), სოფელსა შინა მეგრელთასა“, ე.ი. VI ს. შუახანებისათვის ფოთის ეპარქია საკმაოდ მობილიზებული და ავტორიტეტული სამწყსოა.
VII ს-დან ფაზისის სამიტროპოლიტო საზღვრები აღმოსავლეთით ვრცელდებოდა სკანდა-შორაპნის საზღვრამდე, ხოლო ჩრდილოეთით - მდინარე კლისურამდე. VIII ს-დან დასავლეთ საქართველოს მცხეთის საკათალიკოსის ტერიტორიასთან ერთად იგი გაერთიანდა აფხაზეთის ქართულ საკათალიკოსოში. ამის შემდეგ ფაზისის ნაცვლად მკიდრდება მისი თანამედროვე სახელწოდება ფოთი, რომელიც პირველად გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში იხსენიება.
VIII ს-ში გაუქმებული ფოთის სამიტროპოლიტოს ადგილზე მისი შემცველი ქართული საეპისკოპოსო ერთეული არ შეუქმნიათ. ამ პერიოდში იმერეთსა და სამეგრელოში ეკლესიებს თვით კათალიკოსი მართავდა. მოგვიანებით, IX-X ს-ში ამ რეგიონში მრავალი მსხვილი სამღვდელმთავრო ერთეული - საეპისკოპოსო ჩამოყალიბდა.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ სამეგრელოში სამი ეპარქია იყო: ჭყონდიდის, ცაგერისა და ცაიშის. 1823 წელს ჭყონდიდის ეპისკოპოს ბესარიონ ჭყონდიდელის ხელმძღვანელობით საპარქიო ცენტრი - მარტვილი ჩამოყალიბდა. გაერთიანებულ სამღვდელმთავროებს სამეგრელოს ეპარქია ეწოდა, ხოლო 1885 წელს იქმნება გურია-სამეგრელოს საეკლესიო ერთეული საეპარქიო ცენტრით ქალაქ ფოთში.
1917 წ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, სამეგრელოს რეგიონში განახლდა ჭყონდიდის ეპარქია. 1995 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის ეპარქიის საფუძველზე სამი სამღვდელმთავრო კათედრა ჩამოყალიბდა: საკუთრივ ჭყონდიდის, ზუგდიდისა და ცაიშის, და ფოთის ეპარქიები. 1996 წლის 24 მარტიდან ახლად აღდგენილ ფოთის ეპარქიის მმართველად დადგენილ იქნა მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
2002 წლის 17 ოქტომბრის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით ფოთის ეპარქიას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ფოთისა და სენაკის ეპარქია. 2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებული წმიდა სინოდის კრების გადაწყვეტილებით, ფოთისა და სენაკის ეპარქიას გამოეყო სენაკის რაიონი, ხოლო ზუგდიდ-ცაიშისას კი ჩხოროწყუს რაიონი და შეიქმნა ახალი ეპარქია სახელწოდებით „სენაკისა და ჩხოროწყუს“ ეპარქია. ფოთისა და სენაკის ეპარქიას კვლავ შეეცვალა სახელი და ეწოდა „ფოთისა და ხობის“ ეპარქია. შესაბამისად შევიდა ცვლილება მღვდელმთავრის ტიტულშიც და იგი მოიხსენიება უკვე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტად.

 
ფორუმი » Test category » მეგრელების ფორუმი » სამეგრელოს ეპარქიები
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Copyright MyCorp © 2024ჰოსტერი uCoz