პარასკევი, 29.03.2024, 03:18
Мой сайт
 
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ფორუმი » Test category » მეგრელების ფორუმი » ქართული პროზა და პოეზია
ქართული პროზა და პოეზია
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 11:14 | შეტყობინება # 1
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ჭყონდიდი. 1 ნაწილი

უკუნ ღამეს სამი მამაკაცი მიაპობდა მხრებით.
დაქანცული მგზავრები კანტი-კუნტად გადაუგდებდნენ ერთმანეთს სიტყვას. მხნედ იყო ანდრია, მალე აქაური მეგზური უნდა გამოჩენილიყო: დაისენაკებენ, ილოცებენ, დანაყრდებიან უცხო ქვეყნის თაკარა მზით მოთენთილი, გახუნებული, მშიერ-მწყურვალი, მტვერში ამოგანგლული მგზავრები.
მუხის ფუტურო კუნძები ავად ციმციმებდნენ ბუჩქებსა და გზისპირებში, დამპალი კუნძებიც დიდი ჭყონის წმინდა ნაწილებად იყო მიჩნეული.
ფეხის ხმა გაისმა: ორი ქალი და ერთი მამაკაცი იყო, ქურდულად მოიპარებოდნენ წინიდან.
კვნესოდა შუანა ქალი, ქალს და კაცს მოჰყავდათ ხელით. მიხვდა ანდრია: რაღაც უბედურებაში იყვნენ გახვეული.
დარბაისლად მიესალმა ანდრია დახმარება შეთავაზა იქაური წესით.
იუარეს ქალებმა, მალე მივალთო ახლობლებთან.
ცოტა ხანში მეგზური დახვდა ანდრიას და მის მხლებლებს. გზიდან გადაუხვიეს და უზარმაზარი ხის ქვეშ მდგარ პაწაწინა ფაცხაში შეუძღვა მგზავრებს დამხვდური.

* * *
ყრუდ გმინავდა ნაია, მომავალი დედა-ნანა, ვერაფერს გახდა ბებიაქალი. უკუღმა იდო ნაყოფი, წყალი დაღვრილიყო ადრე.
განწირული ჩანდა ნაია, ამაოდ ეხვეწებოდა დედამიწაზე ყველაზე დიდ ჭყონს დედა-შვილის გადარჩენას.
დასუსტდა სხეული, გამთენიისას დაკარგა გონი, გადაუბრუნდა თვალის კაკლები.
ასე იყო მთელი დღე: მხოლოდ ცივი ოფლის კურცხლები უხატავდნენ მწვანე შეპარულ სახეს, ოხშივარი ასდიოდა ოქროსფერ კულულებს.
ჩუმად ქვითინებდნენ დედა-შვილის ლოგინთან მისი მეგზური და მასპინძელი ქალები.
საღამოსთვის ეზოს ზვიადი რცხილის ქვეშ შეიკრიბნენ მამაკაცები.
უნდა მოკვდესო დედა და შვილი, ბოროტი ძალის ნაყოფიაო ბავშვი, ცოდვილიაო დედა, დინჯად ბრძანა ოჯახის უფროსმა.
ვადროვოთ კიდევ, იქნებ დიდმა მუხამ თავად წაიყვანოსო მათი ცოდვილი სულები განსაწმენდად, სასიკვდილო განაჩენი შეარბილა, კაცმა, რომელიც ძმად ერგებოდა განწირულ ქალს.
მზის ჩასვლამდე ბატონი მოგვცემს რამე ნიშანს, ეს პირველი შვილია ნაიასი და ზვარაკი დიდი ჭყონის, ამიტომაც ვაცალოთო ხე ბატონს მათი ბედის გადაწყვეტა, ბრძანა თავმოტვლეპილმა მოხუცმა.
შეწუხდა მასპინძელი: არ მინდაო მე და ჩემი ოჯახი ვიყოთ მკვლელები, რადგან თავი მოგვანდოო მელოგინე ქალმა, მაგრამ ორგულობას არ მაპატიებსო დიდი მოგვი. ნაია ცოდვილია და ეშმაკეული, აქ ამოსვლით მან პირმშო დაუმალაო დიდი მუხის ფუტუროს.
ითათბირეს და გადადეს დედა-შვილის მოკვდინება მთვარის ამოსვლამდე.
მზემ მოიარა თავისი სავალი ცაზე და გადაქანდა დასავალს. ხელისგულზე გადაიშალა კავკავის მთები, კოლხეთის მწვანე ველები, გაუვალი ტყეები, ვარდის ფერად შეღებილი ზღვა.
მოგვიანებით წამოუბერა ზღოურმა და შვება მოჰფინა არემარეს.
არ შორდებოდა სული ნაიას, ჯერ კიდევ ბორგავდა გული.
სამზეოში მალე გამოჩნდებოდა მთვარე და დიდი ჭყონის მოედნიდან დაბრუნებული ოჯახის უფროსი ხანჯლით დაკოდავდა დედას და მისი მუცლის ნაყოფს.
* * *
რაფიელ გელანტია

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 11:15 | შეტყობინება # 2
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ჭყონდიდი. 2 ნაწილი
ანდრიას უხმეს საშველად ქალებმა, უკანა კარიდან მალულად შემოიყვანეს ფაცხაში.
ანდრია დიდხანს სინჯავდა მომაკვდავს, მერე მარტო დარჩა დედა-შვილთან, ქალებს სთხოვა თბილი წყლის და გობის მომზადება.
სამხრეთის ღრუბლები მიეჩრდილნენ მთვარეს, წვრილ ვარსკვლავებს შეატოვეს უმთვარო ცა.
ანდრიაც ღიმილით გამოვიდა ბაგიდან და ბებიაქალს ანიშნა საქმის დასრულება.
შესულებმა იხილეს სასწაული: ყრმა გულში ჩაეკრა თივის ლოგინზე წამომჯდარ დედას, თითქოს არაფერი არ ყოფილიყო აქამდე, არც რამე მოხდებოდა ხვალე.
ნათელი ბრწყინავდა ნანას თვალებში, ახალი სიცოცხლე მბრძანებლობდა ფაცხაში. არავის ახსოვდა მაშინ, რომ ხვალ, მზის ამოსვლისას, ნანას პირმშო მოგვის ხელიდან ჩავარდებოდა დიდი ჭყონის უძირო ფუტუროში და მას მსხვერპლად მიიღებდა დიდი ჭყონი თავისა სადიდებლად და კაცთა მოდგმის ყველა ცოდვისგან განსაწმენდად.
ასეთი იყო იქაური წესი და ეს ასე მოხდებოდა ხვალაც, ნანას კივილი და დასისხლებული სახე, გაპუტული თმები, ცრემლი და მუდარა ვერაფერს შეცვლიდა, ისე, როგორც ყველა დროში ამა ქვეყნის საქალეთის ზღვად ქმნილი ცრემლი და გოდება.
შვებით ამოისუნთქა მთვარის შუქზე ეზოში შემოსულმა ოჯახის უფროსმა: უკვე არც ქალი იყო მისთვის ცოდვილი და არც მისი ვაჟი იქნებოდა მისი სახლში და მისივე მახვილით მოსაკვდინებელი. არ მოუწევდა მთელი დარჩენილი სიცოცხლე დედაქალის და ჩვილის მკვლელის ტვირთით ევლო.
იქაურმა მრავალნაბრძოლმა მეომრებმა და ბელადმაც კარგად უწყოდათ, რომ ყოველი ცოცხლის სიცოცხლე იმას მიჰქონდა, ვისაც მოჰქონდა. მოგვი იყო გამონაკლისი, მაგრამ მას ამის უფლებას დიდი ჭყონი აძლევდა უხსოვარი დროიდან და სხვანაირადFწარმოდგენა მიუტევებელ ცოდვად ითვლებოდა, ისევე როგორც დაეჭვება ამ ხის ყოვლისშემძლეობაში.
* * *
ანდრია და მისი მხლებლები დილის ბინდბუნდში გაუდგნენ გზას დიდი ჭყონისკენ. გზად თანამზრახველები უერთდებოდნენ.
ნანა და მისი ყრმა ღვთისმშობელს აგონებდა ანდრიას, ეს იყო, რომ თივის სარეცელზე, მისთვის იმ საბედიწერო წუთებში, ლანქერი არ ეცვა ნანას. არჩევანი მიღებული იყო: სიცოცხლედაც რომ დასჯდომოდა, ანდრიას ყოვლადწმინდა მარიამის ნება უნდა აღესრულებინა, დიდი ჭყონი უნდა დაცემულიყო.
ქადაგი მზის ამოსვლისას დაიწყო და დიდხანს გასტანა. ჯერე განრისხდა ხალხი, მერე დათბა, მერე ხელს უქნევდა, უღიმოდა, მერე მუხლებზე დაეცა.
მძვინვარებდა მოგვი, სიკვდილით ემუქრებოდა ყველას. მშვილდოსანი მეომრები შემოერტყნენ მოედანს.
შეირყა ხალხი, არავის უნდოდა სიკვდილი.
მშვიდად იყო ანდრია, მზეს აფრქვევდა თვალებიდან, მხოლოდ მას არ ეშინოდა სიკვდილის.
ერთი დიდი ღრუბელი მოწყდა მთას, თეთრი ფრთები მოიბა და დიდი ჭყონის თავზე დაეკიდა.
მერე ელვამ დააბრმავა და მეხმა გააყრუა იქაურობა. ცეცხლში გაეხვა დიდი ჭყონი, ცისფერი ალი ამოვარდა დიდი ჭყონის სამსხვერპლო მუცლიდან, რომელსაც აქაური დედები ჭყელ ფუტუროს უწოდებდნენ ოდითგანვე და ნათლის სვეტად აღიმართა ცად.
* * *
ჭყონდიდი სახელად შემორჩა იმ მხარეს: ნამყო არ კვდება მყოფადში.
რამდენიმე წელიწადში დიდი ჭყონის ნანახშირალზე ქრისტეს სახლი წამოიმართა.
ერთ მზიან დღეს ეზოში მოხუცი ქალები საქმიანობდნენ, მათ შორის იყო თავსპეტაკი ნანა, რომელიც შორიდან თვალებში შესციცინებდა შავთმიან, ახლად წვერაყრილ და მეტად ფერმკრთალ ყმაწვილს, რომელიც ანდრიას აღწერით, რამდენადაც ახსოვდა ქალბატონს, ძლიერ წააგავდა ძელზე გაკრულ მაცხოვარს. ეს მისი ყრმა იყო, პირველი და მხოლოდშობილი, უმამოდ ზრდილი და ანდრიას პირველი ნათლული ჭყონდიდში.

რაფიელ გელანტია

მარტვილი-თბილისი, სექტემბერი, 2007წ.

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 11:21 | შეტყობინება # 3
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
თეა თოფურია
ჩინური ანდაზა
პოეზია
2009.08.24

უნდა იჯდე ფანჯარასთან და მოთმინებით ელოდო,
როდის ჩამოატარებს მდინარე
შენი მტრის გვამს. -ჩინური ანდაზა

პირველი გვამი ვერ ვიცანი,
სახე თევზებისგან ჰქონდა შეჭმული,
ტანსაცმელი შემოფლეთილი.
ვერც მეორე,
თუმცა ამას სახე უჩანდა.
მესამე გვამი კარგად მახსოვს,
არ მეგონა მტერი თუ იყო.
მეოთხე - ტალღამ გამოაგდო ნაპირზე
ჩემი დასამარხი გახდა.
კიდევ ერთი - ქვებს წამოედო,
სახეს დავხედე, ვიდრე ისევ დინებას გავატანდი.
მისი გამოჩენა აქ ბევრს გაუხარდება...
მომდევნოს შორიდან მოვკარი თვალი
და პირდაპირ წყალში შევეგებე.
ჩავიხუტე, სანამ დავმარხავდი,
მერე დავმარხე
და მერე უკვე სულ ერთი იყო,
კიდევ ვის ჩამოატარებდა მდინარე.
გაზაფხულზე, წყალდიდობისას
ტალღებზე დავწექი და
მეც ჩამატარა.
სულ ვხედავდი, ვინ მელოდა ჯებირთან, ხიდზე
ვინ ფანჯარასთან...
უზარმაზარ, მკვდრებით მოფენილ ნაპირზე გამოვირიყე.
მზე მწველი იყო,
ოკეანე მშვიდი,
ყველგან ქვიშაში ამოგანგლული გვამები ვეყარეთ
და მახსოვს ვფიქრობდი,
აი, თურმე სად ყოფილხარ, ღმერთო,
სად ყოფილხარ, როცა ვტიროდი და ვწუწუნებდი,
როცა მეშინოდა, მიყვარდა და გეძებდი,
როცა წყალში ვიდექი სველი.
თურმე აქ იყავი, ამ ნაპირას
და ჩვენ ყველას მოთმინებით გველოდებოდი.

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 12:10 | შეტყობინება # 4
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ბორიო
ირმის ნახტომი
ბიოგრაფიული პოეზია
2009.08.31
------------------------------------------------


ირმის ნახტომი

ვწერ -
ისევ შენზე -
და ცაზე ნახტომია
ირმის.
გარბის,
გაურბის მშვილდოსანს,
მწევრებს -
დაგეშილს
და
მიათრევს ზაფხულს -
რქებზე დაბლანდულს
ნეკერჩხლის ფოთლებით,
დაფნით
და სტვენით
ჩიტების...
და
ვწერ
ისევ შენზე,
იმპრესიაზე -
შავ-თეთრი ფერებით,
მინიმებით
შუბლზე,
მკვდარი იადონით
გალიაში,
და ქოთნებით
თიხის...
და მტკივა
ხერხემალი,
და ხელი,
რომლითაც ზურგს ვეხები,
მიცივდება ტანივით
ბეგონიის
და მგონია -
გამოვყვები ირემს
შენთან,
გავცდები ხიდსაც,
ვერესაც,
ბედსაც...
და ეს ცხოველი იქნება უფრო თვინიერი,
ვიდრე ჩემი დღეები -
სიმეტრიულად გათლილი სალამურები
მწყემსის
და
ბოლოს და ბოლოს
მოგაწვდენ ხმას
დღისით
ან
ღამის სიჩუმეში,
როცა მიწაზე
ცეცხლოვანი წვიმები მოვა
და წონასწორობადაკარგული პლანეტა
დაგემსგავსება შენ
და
თავბრუსხვევით და
დახეთქილი
აპკებით
ყურის
მიეყრდნობა კოსმოსს
„ჩაკრულოს“ მოსასმენად –
ამაოდ –
და
არაფერი არ იქნება კარგად,
და ყველაფერი იქნება ცუდად –
შესაბამისად –
და ყოველთვის იქნება მესამე,
რომელსაც ექნება უნაგირი
და ლაგამი
და ნალები,
ყოველი შემთხვევისთვის,
და ეცოდინება ენა
გულურბყვილო ირმების,
რომლებიც,
სამწუხაროდ,
გადადიან მალაყებს
ცაზე
მხოლოდ
და
წყრთისოდენა ხევებზე გადაფრენა
უჭირთ...

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 12:35 | შეტყობინება # 5
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
კვირბი
მთვარე და კორტასარი ანუ წვიმიანი დღის მესიჯები
პოეზია
2009.09.05
------------------------------------------------


მთვარე და კორტასარი
ანუ წვიმიანი დღის მესიჯები

„არ მისცე წამალი,
ტრანკვილიზატორები დამოკიდებულს გახდის
და უფრო მიეჯაჭვები“.
„მე კარგა ხანია მიჯაჭვული ვარ ამირანივით
და არწივი მკორტნის...“
„მითხრა, რომ ეჭვიანობს და უცნაურ სიცივეს მატყობს, -
ვერ ვატყუებ,
არ მინდა მოვატყუო...“
„გიყვარს და ვერ ვხვდები, რას ეძებ...“
საათნახევრის შემდეგ:
„როდის უნდა წამაკითხო კორტასარი?“
„ვიპოვე და რომ ჩამოვალ, ჩამოგიტან.“
„როდის აპირებ?“
„ერთი სული მაქვს!..“
„მეც...
კორტასარი საბაბი იყო,
არცთუ კარგი, ხომ ასეა?“
„გვინდა საბაბი?!.“
„მიყვარხარ!“
კიდევ ცოტა ხნის შემდეგ:
„გაწვიმდა ჩემთან...“
„ჩემთანაც, ოღონდ აბაზანაში...“
„მომიკითხე და მოეფერე...“
„გასაპნულია და სასაცილო...“
„ყოველდღე გნახულობ სიზმარში:
ცეცხლი,
ხალიჩა,
მორიატი...
მერე შენ ჩემში... ან პირიქით,
მერე შენ გძინავს მშვიდად
ჩემ მკლავზე ან მკერდზე
და გიყურებ
და შურიანი მთვარე შემოდის
და მამღვრევს...“
...და კიდევ ცოტა ხანში:
„კომაშია მთვარე და წვიმს...“
და კიდევ ხუთ წუთში:
„კომაშია მთვარე და წვიმს...“
და ისევ ხუთ წუთში:
„კომაშია მთვარე და წვიმს...“

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 12:45 | შეტყობინება # 6
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ირმა ტაველიძე
დროთა შეთანხმების წესი. ნაწილი1

ისინი ხატვას და ხაპვას სწავლობდნენ”, – განაგრძო თაგუნიამ, მთქნარებითა და თვალების ფშვნეტით, რადგან ძალიან ეძინებოდა, – “რას აღარ ხატავდნენ და ხაპავდნენ ჭიდან – ყველაფერს, რაც ასო-ბგერა “მ”-ზე იწყება”.
“რატომ “მ”-ზე?” – იკითხა ელისმა.
“რატომაც არა? – უპასუხა მარტის კურდღელმა.

ლუის კეროლი, “ელისი საოცრებათა ქვეყანაში”

ორი თვეა ბულვარულ რომანში ვცხოვრობ და მეშინია წარსულის აჩრდილმა მყუდროების დღიური ულუფა ხელებიდან არ გამომგლიჯოს. ნამდვილი ცხოვრება ასეთი ყოფილა: სრულიად არალიტერატურული წინააღმდეგობებით სავსე. ჩემი შიშიც გაცნობიერებული და შავმიწა ნიადაგში ფესვჩაზრდილია. უნდა მიშველო!
მხოლოდ იმის შეხსენება, რომ სასიამოვნო გარეგნობის გულჩვილი სნობი ვარ, ბევრს ვერაფერს შეცვლის.
და ვინ იცის, რა აღარ ვარ შენს ლამაზ თვალში:
34 წლის ქალი, რომელსაც სექსი და ფილიპ სოლერსი ერთნაირად უყვარს.
სტანდარტული ერთოთახიანის სამზარეულოში მითოლოგიური ლექსიკონის ილუსტრაციებიდან მოხვედრილი პენელოპე, რომელიც ლოდინის ხელოვნებას სრულყოფილად დაუფლებია, მაგრამ ჩვეულებრივ ბუტერბროტზე უკეთესს ვერაფერს იგონებს (ფრანგული ვარიანტი: თეთრი პური + კარაქი + პროვანსული მაიონეზი).
დიდი ვერაფერი მთარგმნელი.
საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებულ აკრობატში დამალული მეორეკლასელი.
მომხმარებელთა საზოგადოების არასრულფასოვანი წევრი.
ის, ვისაც დიდი ბიზნესის არ სჯერა.
უფალო, შემიწყალე!
იმას ვამბობდი, რომ წარსულის ღრმა წყლებში მოდრეიფე ხომალდზე აჩრდილთა მოდგმა ბინადრობს და მხოლოდ მანამდეა უწყინარი, ვიდრე საინფორმაციო გადაცემების წამყვანები შენს იოლადსაცნობ გვარს დამაბნეველ კონტექსტში არ ახსენებენ. არ ეგონათ, ჰოი, როგორ არ ეგონათ, რომ ერთ დღესაც “ივ სენ ლორანის” კოსმეტიკას გვერდით გადავდებდი და კვაზიავტობიოგრაფიულ წიგნს დავწერდი. ჩემი წინდაუხედავი მონსტრები!
მანამდე კი – დაახლოებით ათი წლის წინ – გისოსებს მიღმა გამომწყვდეულ თვალებამოწითლებულ ბაჭიებს ინგლისურს ვასწავლიდი. Where is your big pencil, daddy? Where is your blue bonnet, mammy? ნაკლებად საამაყო მოვლენებით აღსავსე ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა მანამდე გაგრძელდა, სანამ სოსო ჭილაძემ, არაჰუმანიტარული მოძღვრებების ადგილობრივმა გამავრცელებელმა და უბრალოდ, ყველზე აუტანელმა კაცმა, დერეფანში გაშხლართულს ყურში არ ჩამყვირა: “შენი ადგილი აქ არ არის, კროშკა!”
ჩემი ადგილი ბულვარულ რომანშია.
შენთან.

* * *

კლასში ყველა ერთნაირად ცუდად სწავლობდა – სიტყვებს ღეჭავდნენ და ყლაპავდნენ, ღეჭავდნენ და ყლაპავდნენ. გრამატიკის ელემენტარულ წესებს ეჭვის თვალით შესცქეროდნენ, უცნობ ავტორთა ჯგუფის მიერ შექმნილ სახელმძღვანელოს კი მეც არ ვენდობოდი. საშინელი წიგნი იყო, ძნელი, მახრჩობელა კონსტრუქციებით სავსე.
ერთ დღეს ვთქვი, რომ ინგლისურს ჩემი გამოგონილი მეთოდით ვასწავლიდი:
ნელ-ნელა
ნაბიჯ-ნაბიჯ
სკუპ-სკუპით
ხრამუნ-ხრამუნით
ტუჩების ცმაცუნით და თვალების დაელმებით
პირის ჩატკბარუნებით და ყელის ჩაკოკლოზინებით
უცხო სახელთა ჩირგვებში შევარდნა-გამოვარდნით, ფრაზეოლოგიური ბაღნარის გადათხრა-გაფხვიერებით, ზმნების მრავალწლოვანი, ფართოფოთლოვანი ტყეების დალაშქვრით...
– მას, ეგ ყველაფერი დებილობაა. ბოდიში, მას. პატარები ხო არა ვართ.
ლაშა ათი წლის იყო, როცა ამ ფასდაუდებელ სიბრძნეს მაზიარა და თავი სამუდამოდ დამამახსოვრა. სახეზე იმდენად თანამგრძნობი გამომეტყველება ჰქონდა, ისეთი კეთილგანწყობილი ჩანდა, რომ კინაღამ მთელი სერიოზულობით ვუპასუხე:
– ენა ყოფიერების სახლია.
არაფერი. მერე არაფერი.
მომდევნო დღეს გაკვეთილის დასრულებამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, თავი რომ ასწია და თქვა (ამ დროს ცუდად შეთეთრებულ ჭერს უყურებდა):
– როცა ბიზნესმენი გავხდები და პირველ მილიონებს ვიშოვი, სამასი ათასს მოგცემთ – იმ პირობით, თუ ამ საშინელი სკოლიდან წახვალთ, პროფესიას შეიცვლით და ლამაზ კაბებს იყიდით.
ეს მეტად კონკრეტული შემოთავაზება ჩემს უპირობო თანხმობას გულისხმობდა.
მალევე მივხვდი: ბავშვი, რომელიც თავს ბავშვად არ თვლიდა, სრულიად ბუნებრივად, ძალდაუტანებლად მმართავდა. ვიდექი და არა მხოლოდ ცალკეული ქმედებებით, ჟესტებითა თუ რეპლიკებით ვცდილობდი მისი კეთილგანწყობის მოპოვებას, არამედ ყველაფრით: ვარცხნილობით, მაკიაჟით, ჩაცმის სტილით.
მოკავშირე მჭირდებოდა სკოლის სამსართულიანი შენობით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, სრულფასოვნად სუნთქვისთვის, თავისუფლად მოძრაობისთვის. მის მოსაპოვებლად ყველაფერს ჩავიდენდი, წარმოუდგენელ რისკზე წავიდოდი. როგორც ჩანს, ბედნიერებას ისევ ნაცნობ ადგილას ვეძებდი – იქ, სადაც დიდი ხნის წინ ინგლისურის პირველი გაკვეთილი ჩამიტარეს.
მოვლენები მოსალოდნელი თანმიმდევრობით განვითარდა:
ლაშამ პირველმა აუღო ალღო ენის შესწავლის ჩემეულ მეთოდს. ამას ინტუიციით ვხვდებოდი. ჰო, ის მუდამ ჩრდილში დარჩენას, სრულ დაუმორჩილებლობას ირჩევდა და კითხვებზე პირდაპირ არასდროს მპასუხობდა, მით უფრო – სწორად.
ლაშამ პირველი კომპლიმენტი მითხრა: “ყავისფერი ტუშით გამსხვილებული წამწამები და ჭორფლიანი ცხვირი გიხდებათ, მას!” (მაშინ ჯერ კიდევ არ მეკეთა ეს შავჩარჩოიანი სათვალე, რომელიც მომდევნო წელს ბულგარეთში ვიყიდე).

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 12:47 | შეტყობინება # 7
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ირმა ტაველიძე
დროთა შეთანხმების წესი. ნაწილი2
ლაშამ მშობელთა კრების მოწვევა გადამაფიქრებინა (მიზეზს ვერ ვიხსენებ).
ლაშამ პრესკონფერენციის გამართვა მირჩია. წინა მერხებთან წამოსკუპებულები ჟურნალისტთა კორპუსს წარმოადგენდნენ, მე კი – არც მეტი, არც ნაკლები – ფანტასტიკური იდეებით შეპყრობილი მწერალი ვიყავი, რომლის პირველივე რომანიც ბესტსელერი გახდა. სინტაქსურად გაუმართავ კითხვებს კეთილსინდისიერად ვპასუხობდი: რა თქმა უნდა, წარმატებამ თავბრუ დამახვია. მწერლობა და ქორეოგრაფია ბავშვობიდანვე თანაბრად მაღელვებდა და ვერ გადამეწყვიტა, რომელ გზას გავყოლოდი. დიახ, ლიტერატურა ილუზიაა, ხოლო ენა კონსტრუირებულია, როგორც არაცნობიერი. როგორ კაცს ვეძებ? მაღალს, კარგი აღნაგობისას და მგრძნობიარეს, არა, ჰიპერმგრძნობიარეს. ყველაზე ხშირად მესიზმრება, თითქოს დედაჩემი ცეკვას მიკრძალავს იმ მოტივაციით, რომ უცხო პარტნიორთან ჩემი ფიზიკური კონტაქტის შესაძლებლობა მინიმუმამდე დაიყვანოს. მანგოს წვენი, რასაკვირველია! ერთ დღეს სამასი ათასი ევრო რომ გადმომირიცხონ, როგორ მოვიქცევი და სტანდარტულ ერთოთახიანს ვიყიდი ვაჟა-ფშაველას რომელიმე კვარტალში, სამსახურს თავს დავანებებ, ერთმანეთზე პროვოკაციულ რომანებს დავწერ, ან ფრანგულს ვისწავლი და მარკიზ დე სადს ვთარგმნი...
ლაშამ ერთ დღეს შეამჩნია, რომ სრულიად აუტანელმა კაცმა – სოსო ჭილაძემ ყურადღებით მიმოათვალიერა ჩემი თვალსაჩინოებები მეორე-მესამე გაკვეთილების გადაკვეთაზე და ნულოვანი ათვლის წერტილი თავისთვის მოინიშნა.
“ჯოზეფ კონრადი დამწყები მასწავლებლების საკითხავი არ არის, მემ”.
ეს კაცი ღიად დამცინოდა.
დერეფანში, სადაც უამრავი თვალებამოწითლებული ბაჭია დახტოდა, ათი წლის ბიჭმა პირველად იგრძნო რაღაც, რაც ძალიან ჰგავდა ეჭვიანობას.
“რომელ წიგნს გადავშლი, თქვენი გადასაწყვეტი არ არის, სერ”.
იმდენად მშვიდად ვუთხარი, რამდენადაც შემეძლო.
ცეცხლის საცეცებს ვეთამაშებოდი.
ვიცოდი: არ უნდა მეთქვა და ვამბობდი.
ვხვდებოდი: არ უნდა მეფიქრა და ვფიქრობდი.
ვაცნობიერებდი: არ უნდა ჩამედინა და მაინც ვაკეთებდი იმას, რასაც ვერასდროს გავამართლებდი – გაკვეთილს ერთ მოსწავლეს ვუტარებდი, მხოლოდ მის გასაგონად ვსაუბრობდი, ვუხსნიდი, რომ პირდაპირი ნათქვამის ირიბ ნათქვამად ქცევისას დროთა შეთანხმების წესი...
ნათელია, არა?
მერე, როცა უცნობმა ქალმა დამირეკა და თავაზიანად მთხოვა, საღამოობით მისი ბიჭუნა შინ დამებარებინა და ინგლისურის დამატებითი გაკვეთილები ჩამეტარებინა (სანაცვლოდ ისეთ თანხას მთავაზობდა, რომლის გულგრილად გამეორება ახლაც არ შემიძლია), მივხვდი, რომ ჩემი მოკავშირე ყველას თანაბარი წარმატებით გვმართავდა – როგორც ახლო, ასევე შორ დისტანციაზე. გენერალური დირექტორის თანდაყოლილი ნიჭი ჰქონდა, აბა რა!
უარი ვთქვი.
ვიგრძენი, რომ თუ უარს არ ვიტყოდი, უკანდასახევ გზას მოვიჭრიდი.
მოსწავლე-მასწავლებლის კლასიკური ოპოზიციის ინვარიანტული სახესხვაობები დამღლიდა და თავი ავარიდე.
სკოლიდან გაქცევა მინდოდა – იმ კედლების მიტოვება, სადაც გრამატიკის წესები არა პირველქმნილი, არამედ მეორეული, ქიმიური დამუშავების შედეგად მიღწეული სისუფთავით ქათქათებდნენ და პოტენციურ გრამატოლოგთა მარცხენა და მარჯვენა ყურებს შორის ელვისებური სისწრაფით დასრიალებდნენ.
ბავშვებს ენის ზედაპირზე აღმოჩენილი წყლის კვალი საერთოდ არ აინტერესებდათ – არც კრატერები, არც წითელი ქვიშა. თამაშმაც მექანიკური ხასიათი მიიღო.
ცუდი მასწავლებელი აღმოვჩნდი, რომლის ხელისგულებზე ნებისმიერი ტექსტი სიტყვების, ფრაზების, სინტაქსური კონსტრუქციების სახელდახელოდ შეთითხნილ ნაზავს ემსგავსება და სრულიად უშინაარსო ხდება, უამური სუნი აქვს, დღითი-დღე ლპება.
დავმარცხდი.
– კინოებში წითელი ჩექმები ქუჩის ქალებს აცვიათ, მას.
(პირველი ფეხსაცმელი იყო, რომელიც ახლადგახსნილ “ბატაში” ვიყიდე).
გაკვეთილი მთავრდებოდა, როცა მიმართებითი ნაცვალსახელების ახსნა შევწყვიტე და საკლასო ოთახის კარი ფართოდ გავაღე. არ მინდოდა, ენახა, როგორ გამოვიტირებდი საკუთარ უმწეობას, მაგრად მოკუმული ტუჩებით, მუჭში მომწყვდეული რისხვით.
მოულოდნელად, ჩემს წინ სოსო ჭილაძე აღიმართა – ქარში მოფრიალე დროშასავით, რომელზეც თავის ქალა და შავი პარალელოგრამები გამოესახათ.
ცივად მივესალმე.
– არავის უთქვამს, რომ ემანუელ ბეარს ჰგავხარ?
შეკითხვის რიტორიკა პასუხისგან გაქცევას მოითხოვდა.
რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ერთიანად, მთელი სხეულით ვიგრძენი, რომ ჩემს ზურგსუკან რაღაც ხდებოდა. ეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო – დროთა შეთანხმების წესივით – რადგან ყველა ერთად ყვიროდა, ღმუოდა, ღრიალებდა... საშინელების ქარ-ცეცხლი წამში დატრიალდა და თან კვამლის სუნი მოიტანა.
ხმები ერთმანეთში ირეოდა. დაუნაწევრებელი ბგერები სიტყვებად შედედებას ვერ ასწრებდა.
უცებ გაუსაძლისი სიმძიმის ქვეშ აღმოვჩნდი. ხელი მოულოდნელად მკრეს – წინასწარგანზრახვით და დაუნდობლად. პირქვედამხობილმა მოგვიანებით აღვიქვი, რომ ამ სიმძიმეს ყველაზე აუტანელი კაცის სახე ჰქონდა, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი: სოსო ჭილაძე მთელი სხეულით მაწვებოდა და სადაც ხელები მიუწვდებოდა, ყველგან ენერგიულად მიფათურებდა
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 12:49 | შეტყობინება # 8
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ირმა ტაველიძე
დროთა შეთანხმების წესი. ნაწილი3

დერეფანი მოსწავლეთა ფეხებითა და ფეხსაცმელებით იყო სავსე.
– ვიღაცამ კაბის ბოლოზე ცეცხლი მოგიკიდა. კინაღამ საახალწლო ინდაურივით შეიბრაწე. შენი ადგილი აქ არ არის-მეთქი, კროშკა!
კიდეებმომწვარი სიმართლე უამურად ხრჩოლავდა. თხელი ქსოვილის მნიშვნელოვანი ნაწილი სადღაც გამქრალიყო. დერეფანში სანახევროდ შიშველი ვიწექი, სახით – გადაქექილი პარკეტისკენ და ვიხსენებდი, რა ფერის ბიკინი ჩავიცვი იმ დილით.
Where is my pink dress and black raincoat, honey?
ფირი უკუღმა დატრიალდა:
13.05 ლაშა ბიოლოგიის კაბინეტთან იდგა: “ემანუელ ბეარი ვინ არის, მას?”
13.00 სანამ ოთახიდან გამოვიდოდი, ჩანთა ამოვაბრუნე და თუთიყუშისგამოსახულებიანი სანთებელა ვერსად ვიპოვე
12.25 გაკვეთილის ახსნა დავიწყე თუ არა, გამახსენდა, რომ სიგარეტის სანახევროდ დაცლილი კოლოფი მასწავლებლების ტუალეტში დამრჩა
12.10 კლასში შესვლისთანავე შევამჩნიე ცარიელი სკამი.
11.35 როცა სკოლას ვუახლოვდებოდი, გავიფიქრე, შურისძიების ფორმის გამოცნობას თუ მოვახერხებ, ორივე გადავრჩებით-მეთქი.
10.05 იმ დილით საბოლოო უარი ვუთხარი ქალს, რომელმაც, ღმერთმა უწყის, მერამდენედ დამირეკა და მისი ბიჭუნას რეპეტიტორობა თავაზიანად მთხოვა.

* * *

ათი წელი გავიდა იმ დღიდან, როცა სკოლის დერეფანში ჩემი წყეული კაბა აბრიალდა. მერე ვიყავი: თარჯიმანი და ევანგელისტი პროფესორების ლექციებს ვთარგმნიდი პედაგოგიურ უნივერსიტეტში, ჟურნალისტი – სტატიებს ინგლისურად ვწერდი უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ჟურნალებისთვის, კოპირაიტერი (ამ სიტყვის ქართული შესატყვისი არ არსებობს) – სარეკლამო ტექსტებსა და კლიპების სცენარებს ვთხზავდი ამერიკულ-ქართული კომპანიისთვის. ნობელიანტების ლექციებიც ვთარგმნე ლიტერატურული ჟურნალის რედაქტორის თხოვნით და ფემინისტური ბიბლიოთეკის პირველი წიგნის შედეგენა-რედაქტირებაზეც ვიმუშავე. ამ ყველაფერთან ერთად კვაზიავტობიოგრაფიული რომანი დავწერე. ჰო, ალბათ აკრობატული ნომრებით თავშექცევასაც მოვინდომებდი, ეს საბედისწერო შემთხვევა რომ არ მომხდარიყო...
შობის წინა დღეს განათლების სამინისტროს ეგიდით გამართულ კონფერენციაზე დარბაზის დაუსახლებელ კუთხეში დავბინავდი და დაწყებული მოთხრობის წერა გავაგრძელე. შენთვის ვწერდი. ორიგინალურ საშობაო საჩუქარს გიმზადებდი (“ისი პარის” ქსელში ნაყიდი დეოდორანტი ცუდი ტონია. გაპარსვის შემდეგ კანის დამამშვიდებელი ბალზამიც. შხაპის სურნელოვანი გელიც). რადგან ბრედბერის “კალეიდოსკოპი” უკვე დაწერილი იყო და მსგავსსაც ვერაფერს მოვიფიქრებდი, თავის მოწონების ყოველგვარ ცდაზე ხელი ავიღე. ასე ჯობდა. ყველაზე უარეს შემთხვევაში, ფანჯარას გამოაღებდი და მთელი ხმით იღირალებდი:
– არ მინდა პოსტსტრუქტურალისტი ცოლიიიიიიიი!!!!!!
(მინახავს ეს სცენა. არ მეშინია).
20-22 წლის სტაჟიორები ვეება ნაძვისხეს რთავდნენ. მომხსენებელი უხერხულობას არ იმჩნევდა და სტატისტიკური მონაცემებით გაძეძგილი ტექსტის კითხვას განაგრძობდა. წერა შევწყვიტე. ფილმებიდან ამოჭრილ კადრებს შევცქეროდი: ერთი უშველებელ ვერცხლისფერ ბურთებს ნაძვის ქვედა ტოტებზე ჰკიდებდა, მეორეს მაკრატელი ეჭირა და წითელ ლენტს თანაბარი სიგრძის ნაჭრებად ჭრიდა, მესამე საღებავებით სახემოხატულ, ფრთაფარფატა ანგელოზს ხის კენწეროზე ამაგრებდა. ამაღელვებელი სანახაობა იყო.
კედელზე ინგლისური სიტყვები ქანაობდნენ – ნათურებით შეკოწიწებული მილოცვა ნაწილ-ნაწილ დაშლილიყო და ჯადოსნური ჯოხის ენერგიულ მოქნევას ელოდა.
მოწევა დავაპირე, მაგრამ გამახსენდა, რომ ამ ორგანიზაციაში ცეცხლთან თამაში აეკრძალათ.
ისევ ტექსტს მივუბრუნდი.
სხვა მომხსენებელი ინკლუზიური სწავლების მნიშვნელობაზე საუბრობდა.
მეორე მხრიდან წამოსული ხმები ერთმანეთს ენაცვლებოდა:
– ესეც დაკიდე.
– ფრთხილად, არ გატეხო.
– ანგელოზი გადახრილია, არა?
– ნათურებს ვინ აანთებს?
– იმ ქალს შეხედე! სძინავს.
– ხუთი წუთიც და მოვრჩებით.
– მოვწევთ რა. მანამდე არ აანთო.
– ქვედა ტოტები გაუსწორე.
როცა თავი ავწიე, ოთახში დარჩენილი ერთადერთი სტაჟიორისა და ჩემი თვალები ერთმანეთს შეხვდა (ვიცი, ბანალური გამოთქმაა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ: ორი თვეა, ბულვარულ რომანში ვცხოვრობ).
მიმზიდველი გოგო იყო – მაღალი, სულ ოდნავ სრული, ხვეულთმიანი.
– მას, თქვენი წიგნი ვნახე “პარნასში”.
გამახსენდა. ყველა გაკვეთილზე სხვადასხვა მერხთან იჯდა ხოლმე. ნეტა რა ერქვა: ნინო? მაგდა? თამუნა?
აღმოვაჩინე, რომ არცერთი მოსწავლის სახელი არ მახსოვდა.
დავიბენი და ერთდროულად ათასი სისულელე ვკითხე:
იყიდე წიგნი? ბოლომდე წაიკითხე? რას ფიქრობ, ლიტერატურაა? იქნებ ამის მიღმა ნამდვილი სამოთხეა? იქნებ არც არაფერია ამის მიღმა? იცი, ჩემი ქმარი ამბობს, რომ თუ ჟილ დელეზს კითხულობ, საბრალო სნობი ხარ ან საერთოდ ვერ ხარ და შენ ხომ არ გათხოვილხარ? ინგებორგ ბახმანის რომანის ეკრანიზაცია, მთავარ როლში – იზაბელ იუპერით, ნახე? და სოსო ჭილაძის პანაშვიდზე მთელი კლასი იყავით? მართლა ქუჩაში გაიყინა ეგ საწყალი? ბოლომდე უცოლო იყო და სვამდა, არა?
ბოლო მომხსენებელმა გამოსვლა დაასრულა.

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 12:54 | შეტყობინება # 9
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ირმა ტაველიძე
დროთა შეთანხმების წესი. ნაწილი 4

კონფერენციის მონაწილეები ზანტად წამოიშალნენ.
მარცხენა ხელი ჩანთისკენ წავიღე, მაგრამ აფეთქების ხმამ და თვალისმომჭრელმა სინათლემ მოძრაობის უნარი მთლიანად წამართვა. გაშეშებული ვიდექი, უნაკლოდ მოწყობილ საშობაო შოუს შევცქეროდი.
სტაჟიორები გადარეულებივით დარბოდნენ დიდ დარბაზში.
ცეცხლის ალი კედელზე გაბმულ ფერად მავთულებს მოსდებოდა. მოციმციმე მეტასტაზები ყველა მიმართულებით იშლებოდნენ. დღესასწაული შეუქცევად სახეს იღებდა. დამლღვალი ინგლისური სიტყვები სასაცილოდ იბრიცებოდნენ და ერთმანეთის მიყოლებით ქვემოთ ცვიოდნენ.
ოთახი სქელ კვამლში გაეხვა.
უცებ ვიღაცამ ხელი მტაცა და დერეფანში გამომათრია.
აქ ყველაფერი სუფთა და სტერილური იყო: ჰაერი, მკრთალი შუქი, სადად მოქარგული ფარდები...
– კალვინ კლაინის „ეიფორია“ გასხიათ, მას?
გოგო, რომლის სახელიც არ მახსოვდა, უკვე კიბეზე მიმარბენინებდა, კისრისტეხით, თავპირისმტვრევით.

* * *

ქუჩაში (გოგებაშვილზე) ლაშა იდგა და ეწეოდა. მივუახლოვდი თუ არა, სანახევროდ დაცლილი კოლოფი გამომიწოდა.
მომეჩვენა, რომ აწყლიანებული თვალები ჰქონდა. ხაზგასმული დაუდევრობით ჩაცმული, მოვლილი და გულმისავალი, ერთი სიტყვით, კარგი ბიჭი იყო. ასეთებს ყველაფერი უხდებათ, ცოტა უხეში სახის ნაკვთებიც კი.
– დაგინახეთ თუ არა, მაშინვე გიცანით. და რა ვიცი, ალბათ რაღაც არასწორად შევაერთე.
სახანძრო მანქანებმა გულისწამღები კივილით ჩაგვიქროლეს.
გამხნევებას ვცდილობდი, მაგრამ უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე:
– A rose is a rose is a rose.
გამიღიმა:
– IELTS-ისთვის მამეცადინებთ, მას?

* * *

ორი თვეა, თითქმის ყოველ დღე ვხვდებით მე და ჩემი მოკავშირე. ორი თვეა, ბულვარულ რომანში ვცხოვრობ, რათა ნამდვილი ცხოვრების გემო დავიბრუნო. სიმართლეს ბალიშისპირებში ვმალავ, ახალ კაბებს – საწოლის ქვეშ. სახლის კედლებს ვუფრთხილდები. მეშინია, რომ წარსულის აჩრდილი მყუდროების დღიურ ულუფას ხელებიდან გამომგლეჯს და შენს ჯიუტ თავს წამართმევს. არა, აღარ დამეხმარო. არც შველას გთხოვ. მიხარია, როცა წარმატებას ვაღწევ: ცეცხლთან თამაშს სრულყოფილად ვასწავლი.

მიმაგრება: 5935511.jpg (45.4 Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:47 | შეტყობინება # 10
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ხალხური

* * *

არ გათეთრდება ყორანი,
რაც უნდა ხეხო ქვიშითა.
მტერნი არ შეგვიბრალებენ
ტირილითა და ვიშითა

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:48 | შეტყობინება # 11
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ხალხური

* * *

ათასად კაცი დაფასდა,
ათიათასად ზრდილობა.
თუ კაცი თვითონ არ არის,
რას არგებს გვარიშვილობა

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:48 | შეტყობინება # 12
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ხალხური

არ მარგო

არც არა მარგო ტირილმა,
არც არა ცრემლის დენამა,
აჯობა ისევ სიცილმა,
ლაქარდიანმა ენამა.
გამხიარულდით, სწორებო,
სანამ ერთურთსა ვხედავთო,
მოვკვდებით, დავიკარგებით,
შავ მიწას ამოვხედავთო.
შავის მიწისა ნაჟური
გულზედა ჩამოგვდიოდეს.
ტიროდეს ქალი და რძალი,
ჩვენ ერთიც არ მოგვდიოდეს.

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:49 | შეტყობინება # 13
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ხალხური მოუსმინეთ სიმღერას (mp3)

* * *

ბერიკაცი ვარ, ნუ მომკლავ,
ერი დაგიწყებს გმობასა,
სადაც კი შემოგეყრები,
გეტყვი შვილსა და ძმობასა

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:52 | შეტყობინება # 14
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

ლოცვა

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმიდა…

არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: “შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან

ელეგია

მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.

არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ კი ტანჯვით ამოძახილი
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!

ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემს ქვეყნის ძილს ეალერსება.
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!.

1859-სა წელსა, 4-სა ივნისს,
ს. პეტერბურღი

თ. ნიკოლოზ ბარათაშვილზედ
როს წარვიკითხე მისი ლექსები
ვერარა ვსთქვი რა განცვიფრებულმა!..
ვით ქარიშხალით ატეხილ ბუქმა
ცას განუბნივოს შავი ღრუბლები,
ისე იდარა ჩემ მწუხარ შუბლმა!
ხალხო ობოლო, შენ მებრალები,
რომ დაგაობლა მის ციურ შუქმა
და განგაშორა თვისი სხივები!..
როს წარვიკითხე მისი ლექსები,
აღმოვიკვნესე დაობლებულმა!..

1860, 11 ივლისსა [პავლოვსკი]

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:53 | შეტყობინება # 15
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

კითხვა-პასუხი
კ ი თ ხ ვ ა

კარგი რამა ხარ, ჩემო ქვეყანავ,
ლამაზად მორთულ და მოკაზმული;
მაგრამ რამდენად მშვენიერი ხარ,
იმდენად უფრო მიკვდება გული.

გიმზერ და მზერა კვლავ სწყურიან თვალს,
გისმენ და სმენით ყური ვერ სძღება;
მაგრამ რამდენად საყვარელი ხარ,
იმდენად უფრო გული მიკვდება.

რა დაგრჩენია კვლავ სანატრელი,
ღვთისგან რა არ გაქვს მომადლებული?!
მაგრამ რამდენად მადლით სავსე ხარ,
იმდენად უფრო მიკვდება გული.

ვინ მოგმართოს შენ და წინ არ დახვდეს
შენი სიმდიდრე, შენი უხვება;
მაგრამ რამდენადც მდიდარ-უხვი ხარ,
იმდენად უფრო გული მიკვდება.

მარქვი, რად არის იქ გულთა კდომა,
სად სიცოცხლეა გახარებული,
და რამდენადც შენ ცხოველმყოფელ ხარ,
იმდენად უფრო რად კვდება გული?

პ ა ს უ ხ ი

- მე სამოთხე ვარ და თქვენ კი, თქვენ კი!..
ვაი, ძე ჩემი ბედკრულ, უძლური!..
იქ თვით სამოთხეც ჯოჯოხეთია,
სად თვის შხამს ანთხევს მტრობა და შური.

საყვარელი ვარ... ჩემს მზიან ჩრდილში
სიყვარულს უნდა თვის ტახტი ედგას, -
და, ვაი, ამის სანაცვლოდ თქვენ კი
ერთმანეთს აყრით კრულვას და წყევლას!..

მადლით სავსე ვარ და, ვაი, ჩემს შვილს
ეგ მადლი ჩემი ვერ უშვნევია;
და ან იქ რა ჰქმნას თვით წმიდათ-წმიდამ,
სად ცოდვას მადლი დაუძლევია?

მე მდიდარი ვარ და თქვენ კი, თქვენ კი...
ლუკმანატრულნი ერთმანეთსა სჭამთ,
მე ტკბილ ცხოვრების წყაროსა გაწვდით
და, ვაი, თქვენ კი ძმა ძმის სისხლსა სვამთ!..

იქ თვით სამოთხის წალკოტი, მდელო
უდაბნოდაა ურგებ-ურწყული,
სადაც არ აბნევს თვის წმინდა ნამსა
სული მართალი და წრფელი გული.

[1894 წ.]

 
ფორუმი » Test category » მეგრელების ფორუმი » ქართული პროზა და პოეზია
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

Copyright MyCorp © 2024ჰოსტერი uCoz