ხუთშაბათი, 25.05.2017, 21:09
Мой сайт
 
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან12»
ფორუმი » Test category » მეგრელების ფორუმი » ბიოგრაფიები
ბიოგრაფიები
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 13:34 | შეტყობინება # 1
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline

წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) (1837-1907)

წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) დაიბადა ყვარელში, გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში, სადაც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ძველი საქართველოს ისტორიული ტრადიციები. 1848 წ. მიაბარეს თბილისში, რაევსკის პანსიონში, სადაც 1851 წლამდე სწავლობდა. შემდეგ შევიდა გიმნაზიაში. 1857 წ. ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც ოთხი წელი ისწავლა (1857-61).

ამ ოთხმა წელმა დიდი როლი ითამაშა ილიას, როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ჩამოყალიბებაში. სწავლობდა საქართველოს ისტორიას და მწერლობას, ევროპისა და რუსეთის ლიტერატურას, ფილოსოფიას. ამ პერიოდში შექმნა ეროვნული და ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომლებიც აღმავალი ეტაპი გახდა XIX ს-ის ქართული ლიტერატურისა და აზროვნების ისტორიაში: პოემა „აჩრდილი“ (1859), პოემა „ქართველი დედა“ (1860), პოემა „კაკო ყაჩაღი“ (1860), რომლებიც მძაფრი ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებითა და სოციალური პრობლემებითაა განმსჭვალული. იმავე პერიოდში თარგმნა შილერის, ჰაინეს, რიუკერტის, ბაირონის, სკოტის, პუშკინისა და ლერმონტოვის ნაწარმოებები. დაწერა პროგრესული სოციალური და ეროვნული იდეალებითა და სიახლეებით აღბეჭდილი ლექსები: „გუთნისდედა“, „ქართვლის დედას“, „ჩემი თარიარალი“ (სამივე 1858 წ.), „ნანა“ (1859), „ქართველი სტუდენტების სიმღერა“, „მუშა“, „იანიჩარი“ (სამივე 1860 წ.) და მრავალი სხვა. ამავე ხანებში დაწერილი ილიას მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები: „გლახის ნაამბობი“ (I-VI თავები), ესკიზი მოთხრობისა „კაცია-ადამიანი?!“, მრავალი წერილი, რომლებშიც ნათლადაა ჩამოყალიბებული მწერლობისა და ხელოვნების დანიშნულება და არსი.

1893 წ. ილია აარსებს ჟურნალ „საქართველოს მოამბეს“, 1877 წ. - „ივერიას“, რომლებიც საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთ ძირათად ცენტრად იქცა.

ილია თავის პუბლიცისტურ წერილებში, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაური, ეროვნული ბურჯის - ქართული ენის დაცვისათვის ბრძოლას მჭიდროდ უკავშირებდა მშობლიურ ენაზე სწავლების, სახალხო სკოლების ქსელის ზრდის მოთხოვნებს.

მთელი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ილია დიადი მიზნის განხორციელებას - ქართველი ხალხის ერთიანობას, ეროვნული და სოციალური თვითშეგნების გამოცოცხლებას და ამაღლებას, ეროვნული და სოციალური თავისუფლების დამკვიდრებას უმსახურებოდა.

შეუძლებელია ერისა და ქვეყნის წინაშე ილია ჭავჭავაძის ყველა დამსახურების ჩამოთვლა. XIX ს-ში რომ საქართველოს ის არ მოვლენოდა, უკუღმა წარიმართებოდა ჩვენი ქვეყნის ისედაც გაუკუღმართებული ბედი. ძნელი იქნებოდა ამ ეროვნული დვრიტის გაღვივება და აღმოცენება, რომლის გარეშეც ერი ერი არ არის და ქვეყანა - ქვეყანა. ალბათ ამან გააღიზიანა და გადარია ბნელი ძალები, შინაური და გარეული, და 1907 წ. სიცოცხლე მოუსწრაფეს ერის მამას. თავისი ერის სიყვარულისა და მსახურებისთვის არსად მწერალი არ მოუკლავთ. ეს სირცხვილი საუკუნეების მანძილზე გაგვყვება!

წმინდა ილია მართალი დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში

მიმაგრება: 9921146.jpg(7Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 13:39 | შეტყობინება # 2
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline

იაკობ გოგებაშვილი (1840-1912)

იაკობ გოგებაშვილი დაიბადა სოფელ ვარიანში (ახლანდელი გორის რაიონი). სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში (1855-61). სწავლა განაგრძო კიევის სასულიერო აკადემიაში. აკადემიაში სწავლის დროს გაეცნო მსოფლიოს გამოჩენილ მოაზროვნეთა (ლოკის, რუსოს, ფოხტის, ჰუმბოლტდის, სპენსერის, შლოსერის, კომენსკის, პესტალოცის და სხვ.) თხზულებებს, რომლებმაც დიდი ცოდნა შესძინეს. სუსტი ჯანმრთელობის გამო აკადემიის სრული კურსი ვერ დაასრულა და 1862 წ. საქართველოში დაბრუნდა. 1863-75 წ.წ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ილაშქრებდა მოსწავლეთა ფიზიკური დასჯისა და სემინარიის მკაცრი რეჟიმის წინააღმდეგ, მოითხოვდა ბავშვთა ინიციატივისა და თვითმოქმედების წახალისებას, რისთვისაც აუკრძალეს პედაგოგიური საქმიანობა და დაითხოვეს სამსახურიდან. ამის მიუხედავად უკან არ დაუხევია, მხარში ამოუდგა ი.ჭავჭავაძეს და აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. მონაწილეობდა ი.მამაცაშვილის ლიტერატურულ სალონში, რომელმაც ხელი შეუწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებას, იყო ამ საზოგადოების გამგეობის აქტიური წევრი (1879 წლიდან). მისი მონაწილეობით შედგა საზოგადოების პროგრამა ხალხური შემოქმედების შეგროვებისათვის და პროექტები საქართველოს სხვადასხვა რაიონში სახალხო სკოლებისა და ბიბილიოთეკების გახსნისა.

ი. გოგებაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა თბილისის ქართულ-რუსულ პრესაში. ბეჭდავდა წერილებს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე განსაკუთრებით „ივერიაში“, „დროებაში“, „ჯეჯილში“, „ნობათში“, „ტიფლისსკი ვესტნიკში“, „ნოვოე ობოზრენიეში“.

1865 წ. გამოვიდა ი. გოგებაშვილის „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“, შემდეგ - „ბუნების კარი“ (1868), „დარიგება მოსწავლეთათვის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში“ (1872), „დედა ენა“ (1876), „რუსსკოე სლოვო“ (1887). 1880 წლიდან იბეჭდება მისი ბავშვთა საკითხავი წიგნები: „კოკორი“, „კუნწულა“, „ხომლი“, „აკიდო“, „მოსავლის მცველნი“. მის კალამს ეკუთვნის 130-ზე მეტი საბავშვო ორიგინალური და გადმოკეთებული მოთხრობა. მათ შორის „იავნანამ რა ჰქმნა?“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „თავდადებულნი ქართველნი“, „სხივი ჩვენი წარსულისა“. ი.გოგებაშვილის საბავშვო თხზულებების ძირითადი თემებია პატრიოტიზმი, ჰუმანიზმი, ბუნების მოვლენები.

ი. გოგებაშვილი ავტორია მრავალი პედაგოგიური შრომისა. სწავლების ქვაკუთხედად მშობლიურ ენას მიიჩნევდა. სიკვდილის წინ მთელი თავისი ქონება და ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა.

1940 წ. დაბადებიდან 100 წლის თავზე მისი ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს

მიმაგრება: 6166737.jpg(8Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 13:44 | შეტყობინება # 3
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline

ვაჟა-ფშაველა (ლუკა რაზიკაშვილი) (1861-1915)

ვაჟა-ფშაველა დაიბადა სოფელ ჩარგალში (ახლანდელი დუშეთის რაიონი). რვა წლამდე ჩარგალში იზრდებოდა. ჯერ სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ 1877-79 წლებში თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში. 1879 წლიდან გორის სამასწავლებლო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1882 წ. 1883-84 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო უნივერსიტეტი დატოვა და მასწავლებლობა დაიწყო მთის სოფლებში, 1888 წლიდან კი ჩარგალში დამკვიდრდა. ფშავში დაწერა მან გენიალური პოემები, ლექსები, მოთხრობები. დროდადრო ცხენზე გადაკიდებული ხურჯინით თბილისში ჩამოჰქონდა თავისი ნაწერები. მძიმე ცხოვრებამ და გაჭირვებამ ადრე შეარყია ვაჟას ჯანმრთელობა და 54 წლისა გარდაიცვალა თბილისში, ჰოსპიტალის პალატაში (ამჟამინდელი სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა). სიკვდილის წინ ახლად მოთიბული ბალახი და მთის წყარო ინატრა... დაკრძალეს დიდუნის პანთეონში. 1935 წ. მისი ნეშტი მთაწმინდაზე გადაასვენეს.

ვაჟას შემოქმედებაში ცხოვრება და სამყარო სინათლის და სიბნელის, სიკეთისა და ბოროტების დაუსრულებელი ჭიდლის სახითაა წარმოდგენილი.

ქართველ პოეტთა შორის ვაჟა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით მაღალი გონიერების და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგენია.

ვაჟა-ფშაველა როგორც მოქალაქე და პოეტი, მხნე პატრიოტი იყო. მან უდიდესი გავლენა მოახდინა ქართველი ხალხის ეროვნულ გათვითცნობიერებაზე. მანვე დაამკვიდრა ქართულ პოეზიაში პიროვნული სრულყოფის - „კაი ყმის“ კულტი, რომლის მნიშვნელობა განუზომელია.

მიმაგრება: 1002970.jpg(4Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 13:45 | შეტყობინება # 4
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline

აკაკი წერეთელი (1840-1915)

აკაკი წერეთელი დაიბადა სოფელ სხვიტორში (საჩხერის მახლობლად). 1852 წ. შევიდა ქუთაისის გიმნაზიაში. 1859 წ. სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსვლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ (1862) საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, 1897-1900 წ.წ. გამოსცემდა საკუთარ ჟურნალს „აკაკის თვიურ კრებულს“, სადაც დაბეჭდა თავისი საუკეთესო ნაწარმოებები („ბაში-აჩუკი“, „მედია“, „ჩემი თავგადასავალი“, „ნათელა“, „გამზრდელი“, „თორნიკე ერისთავი“). 1907 წ. 11 თებერვალს გამოსცა იუმორისტული ყოველკვირეული ჟურნალი „ხუმარა“, რომელიც პირველი ნომრიდანვე აიკრძალა, ხოლო პოეტი დააპატიმრეს. ხალხი ამან აღაშფოთა და მთავრობა იძულებული გახდა, იგი მეორე დღესვე გაეთავისუფლებინათ.

აკაკის არასდროს უმსახურია სახელმწიფო დაწესებულებაში, სამაგიეროდ მთელი სიცოცხლე თავის ქვეყანას და ხალხს ემსახურებოდა. მისი შემწეობით მუდმივი ბინა დაიმკვიდრა ქართულმა თეატრმა, ილიასთან ერთად 1880 წ. დააარსა „ქართული დრამატული საზოგადოება“, რომლის ხელმძღვანელიც ერთხანს თვითონ იყო, აქტიურად მონაწილეობდა „ვეფხისტყაოსნის“ კომისიაში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ლექციებს კითხულობდა რუსთაველისა და მისი პოემის შესახებ.

აკაკი იყო პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, სატირიკოს-იუმორისტი. მისი შემოქმედება ღრმა პატრიოტიზმითა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეითაა განმსჭვალული. ილია ჭავჭავაძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას.დაუცხრომლად, მიზანმიმართულად იბრძოდა ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მისი ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის.

ეროვნული თვითშეგნების აღორძინებაში დიდმნიშვნელოვანი როლი შეასრულა აკაკის როგორც ლექსებმა, ასევე ისტორიულმა პოემებმა და დრამებმა („თორნიკე ერისთავი“, „თამარ ცბიერი“, „კიკოლას ნაამბობი“, „პატარა კახი“, „ნათელა“ და სხვ.), რომლებშიც ქართველი ხალხის გმირული წარსულის სურათებია გაცოცხლებული.

აკაკის შემოქმედებამ წარუშელელი კვალი გაავლო საქართველოს სულიერი კულტურის ისტორიაში. აღმავალი ეტაპი შექმნა მხატვრული აზროვნების განვითარებაში, მკვეთრი მამულიშვილური და მოქალაქობრივი პათოსითა და პოზიციით.

აკაკი წერეთელი დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონ

მიმაგრება: 4363964.jpg(3Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 13:46 | შეტყობინება # 5
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ნიკო ლორთქიფანიძე (1880-1944)

ნიკო ლორთქიფანიძე დაიბადა 1880 წ. სოფელ ჩუნეშში (წყალტუბოს რაიონი). სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. საშუალო სასწავლებელი ვლადიკავკაზში დაასრულა. სწავლა განაგრძო ჯერ ხარკოვის უნივერსიტეტში, შემდეგ ავსტრიაში, ლეობენის სამთო აკადემიაში. სამშობლოში 1907 წ. დაბრუნდა. გერმანულ ენას ასწავლიდა თბილისის და ქუთაისის სკოლებში, 1928-40 წლებში - ინდუსტრიულ ინსტიტუტში. 1921-24 წლებში ხელოვნების მუშაკთა კავშირის თავმჯდომარეა.

ლიტერატურულ მოღვაწეობას იწყებს 1902 წლიდან. მწერლის თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „ნიშადური“, „საქართველო“, „ივერია“, „თეატრი და ცხოვრება“, „დროება“, „სახალხო გაზეთი“, „თემი“, „კოლხიდა“ და სხვ.

მწერლის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფეოდალური ხანის ამსახველ თხზულებებს: „მრისხანე ბატონი“ (1912), „ჟამთა სიავე“ (1920), „რაინდები“ (1924), „ქედუხრელნი“ (1946). მწერალი მცირე ჟანრის ნაწარმოებთა აღიარებული ოსტატია. მისი პოეტური პროზის ბრწყინვალე ნიმუშებია ღრმა ლირიზმით განმსჭვალული ის მინიატურები, რომლებშიც სამშობლოს ბედით დაკოდილი ადამიანის წუხილი ისმის.

ნიკო ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1944 წ. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშ

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 13:47 | შეტყობინება # 6
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline

გალაკტიონ ტაბიძე (1891-1959)

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი), მასწავლებლის ოჯახში. ის გახლდათ საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944). 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, 1908 წლიდან - თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1910-11 წლებში მასწავლაბლობდა. 1912 წ. ქუთაისში დასახლდა. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში. 1917-18 წლებში მოსკოვსა და პეტროგრადშია. 1918 წლიდან თბილისში დამკვიდრდა. 1922-23 წლებში გამოსცა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“. იყო ჟურნალ „მნათობის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. 1935 წ. მონაწილეოდა პარიზის ანტიფაშისტურ კონგრესში.

გალაკტიონმა პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1908 წ. ჟურნალ „ჩვენს კვალსა“ და გაზეთ „ამირანში“. 1914 წ. გამოსცა კრებული „ლექსები“, 1919 წ. კი „არტისტული ყვავილები“, რომლებმაც დიდი აღიარება მოუტანეს.

გალაკტიონს წილად ხვდა იშვიათი ბედნიერება - იგი სიცოცხლეშივე შერაცხეს პოეტების მეფედ.

გალაკტიონი უაღრესად ტრაგიკული პოეტი იყო. მისი გარეგნული სიმშვიდე უსაზომო წუხილსა და უბედურებას - საზოგადოებრივსა თუ პირადულს ფარავდა.

1959 წელი სამგლოვიარო წელი იყო ქართველი ხალხისათვის. ამ წელს არსებული რეჟიმისადმი პროტესტის ნიშნად გალაკტიონმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე - ვაკეში მდებარე სამთავრობო საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოხტა. იგი მთაწმინდაზე განისვენებს.

მიმაგრება: 1798456.jpg(7Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 13:49 | შეტყობინება # 7
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline

ტერენტი გრანელი (კვირკველია) (1897-1934)
1ნაწილი

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა.

გავიდა ხანი. უბედურმა შემთხვევამ (სახლი დაეწვათ) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. უღარიბესი გლეხის შვილმა ბავშვობიდანვე გამოსცადა ცხოვრების სიმკაცრე. გახდა გულჩათხრობილი, სევდიანი. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, აღსავსე იყო წინააღმდეგობებით. იგი გაიტაცა ეროვნული თავისუფლების იდეამ. ტერენტი, როგორც თავისი ქვეყნისა და ხალხის მხურვალე მოტრფიალე, მტკიცედ დადგა იმ ინტელიგენციის მხარეზე, რომლის უპირველესი მიზანი რუსეთის თვითმპყრობელური რეჟიმისაგან განთავისუფლება იყო. იგი წერდა: „ეროვნული თავისუფლება ეს უდიდესი პრობლემაა ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში... დეე ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება, და არავის ნებას არ მივცემთ აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები“ (გაზ. „ია“, 1919 წ.).

ოცი წლის ტერენტი მთელი სერიოზულობით მსჯელობს ეროვნულ პრობლემაზე:

„ამ დაბაში (იგულისხმება ოჩამჩირე) იშვიათად ნახავთ ქართულის მცოდნე პირებს... ნუთუ ამ ხალხს არ შეუგნია ქართული ენის სიდიადე, ნუთუ მათ არ აინტერესებთ სამშობლო ენა. თვითმპყრობელობის დროს ქართული ენის უცოდინარობას ნიკოლოზის მთავრობას ვაბრალებდით, დღეს ვის უნდა დავაბრალოთ?! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს ჩვენს გულგრილობას და გადაგვარებას ადასტურებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ სამშობლო გავალებთ თქვენი მშობლიური ენის შესწავლას. ამისათვის, ჩემი აზრით, წერაც ზედმეტია“ („სახალხო საქმე“, №202, 1918 წ.).

ტერენტის სწყუროდა სწავლა. იაკობ შანავას დახმარებით დაითანხმა მამა და, უფროს დასთან მაშოსთან ერთად, 1918 წელს თბილისს გაემგზავრა. ამავე წელს გარდაეცვალა მამა. უსახსროდ დარჩენილი ტერენტი მუშაობას იწყებს თბილისის რკინიგზის სადგურზე ჯერ ვაგონების გადამბმელად, ხოლო შემდეგ კონდუქტორად. მაგრამ აქ დიდხანს ვერ ჩერდება. რამდენიმე თვის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში, შიკრიკად. ტერენტის თავისი პირველი ლექსი ამავე გაზეთში დაუბეჭდავს. პოეტმა ფსევდონიმი „გრანელი“ 1919 წელს დაირქვა. ამ ფსევდონიმის არჩევას, ტერენტის დების მაშო და ზოზია კვირვკელიების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „granum“, რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია: „მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო“.

ამ დროს ქართულ პოეზიაში მომძლავრებული იყო სიმბოლისტური მიმდინარეობა. ვერც ტერენტი ასცდა მოდერნიზმს და, სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა, 1919 წელს გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი „ია“ და ჟურნალი „კრონოსის სარკე“. ჟურნალში დაბეჭდილ მის სონეტებსა და რეცენზიას, სადაც ვალერიან გაფრინდაშვილის „დაისები“ არის შეფასებული, აშკარად ატყვია სიმბოლისტური ესთეტიკის კვალი.

1919 წელს გალაკტიონი სცემს „არტისტულ ყვავილებს“. ტერენტი გრანელმა მაშინვე იგრძნო და აღიარა გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სიდიადე, მისი სიახლე. თავის მხრივ, გალაკტიონიც არანაკლებ აფასებდა ტერენტი გრანელის პოეტურ ტალანტს.

1920 და 1921 წლებში ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების ორი პატარა წიგნაკი: „პანაშვიდები“ (რომელშიც გობრონ აგარელის ლექსებიც არის დაბეჭდილი) და „სამგლოვიარო ხაზები“. საკუთარმა ხელწერამ და მომწიფებულმა შემოქმედებითმა ხმამ მკაფიოდ იჩინა თავი მის პირველსავე ლექსებში. პირველი წარმატებებით აღფრთოვანებულმა პოეტმა 1922 წელს გამოსცა ლექსების მოზრდილი წიგნი „სულიდან საფლავები“. ამ კრებულს შესანიშნავი რეცენზიები უძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ. ჭაბუკი პოეტი მართავს ლიტერატურულ საღამოებს. პოეტს აღტაცებით ხვდებიან ყველგან.

...მარტის სუსხიანი ამინდია. რუსთაველზე გამვლელთა ყურადღებას იქცევს თეთრი სატინისხალათიანი ჭაბუკი, ია-იებით ხელში. გამვლელნი განცვიფრებით შეჰყურებენ მას. შუა ტანის, პროპორციულად, მკვიდრად ნაგები სხეული; საკმაოდ ლამაზ, შთაგონებულ სახეს უმშვენებს მაღალი შუბლი, უკან გადავარცხნილი ხვეული, წაბლისფერი თმა. მოცისფრო თვალების ჭკვიანი, აზრიანი გამომეტყველება თავისებურ იერს ანიჭებს ჭაბუკი პოეტის სევდიან სახეს. ქარიშხალგამოვლილს მიუგავს მზითა და წვიმით გარუჯული ნაწრთობი სახე, სპილენძისფერი რომ გადაჰკვრია.

მიმაგრება: 3300736.jpg(10Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 13:51 | შეტყობინება # 8
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ტერენტი გრანელი (კვირკველია) (1897-1934)
ნაწილი 2
ტერენტი გრანელი რუსთაველის გამზირზე ხშირად უნახავთ პოეზიის მოყვარულ ახალგაზრდებთან. პოეტი აღტაცებით ესაუბრებოდა მათ პოეზიისა და მუსიკის დანიშნულებაზე, ესთეტიკურ იდეალებზე: „ხელოვნების ცხოველმა შუქმა უნდა გაანათოს ჩვენი ცხოვრების ბნელი კუნჭულები, აამოძრაოს ადამიანის შემოქმედება და თვალწინ გადაუშალოს საუცხოო სურათები სილამაზისა, სიმშვენიერისა და ჭეშმარიტებისა, უნდა მძლავრად ამეტყველდეს ჭეშმარიტი ხელოვნება, თორემ ლამის ადამიანი მხეცად იქცეს უმაღლეს განცდათ მოკლებული და ბოროტების მორევში სავსებით გადავარდნილი“.

ტერენტი ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით პოეზიას. კარგად იცნობს მსოფლიო ლიტერატურის კორიფეებს, რუსულ მწერლობას, ფრანგ სიმბოლისტთა შემოქმედებას. ბაირონის, შელის, მიუსეს, ნოვალისის, ომარ ხაიამის პოეზიას, ნიცშეს ფილოსოფიას. მისი საყვარელი რუსი პოეტებია პუშკინი, ბლოკი, ტიუტჩევი, ფეტი, ნადსონი. მშვენივრად კითხულობს ბლოკისა და ესენინის ლექსებს, გრძნობს მათთან სულიერ ნათესაობას. მიუხედავად იმისა, რომ დოსტოევსკის აღმერთებს, უჭირს მისი რომანების კითხვა. თუ ზოგიერთ ზედმეტობას ჩამოვაცილებთ, დოსტოევსკის ხელოვნება და აზრები გენიალურიაო.

მეგბარი პოეტის გობრონ აგარელის რჩევით ხშირად ესწრება უნივერსიტეტში სერგი დანელიასა და გრიგოლ წერეთლის ლექციებს ანტიკურ პოეზიასა და ფილოსოფიაზე. მის განსაკუთრებულ აღფრთოვანებას თურმე ანაქსიმანდრესა და ანაქსაგორას კოსმოლოგიური შეხედულებები იწვევდა.

ნაზი ბუნების ტერენტი მეტად ზრდილი და თავაზიანი, საოცრად გულახდილი, უშუალო და თავმდაბალია. თავისებური ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც უმიზეზოდ ჭირვეული და იჭვიანი, უფრო ხშირად კი სათნო და გულუბრყვილო. წყნარია. ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: შენ პოეზიისა რა გაგეგებაო. საერთოდ ძუნწი მოსაუბრეა. საკმარისია პოეზიაზე ჩამოვარდეს საუბარი, რომ მისი თვალები ელვარე ნაკვერცხლებს დაემსგავსოს. ამ დროს იგი დაუნდებელია და პირში მთქმელი.

დიდ ხელმოკლეობას განიცდის. არსად არ მსახურობს. საქმის გაკეთების ეშინია. თავად არ იცის, რითი უნდა ირჩინოს თავი, ან სად უნდა გაათიოს ღამე. ამაყია, არავის აგებინებს თავის გასაჭირს. არ უყვარს საუბარი პირად ცხოვრებაზე. ჰონორარს აიღებს თუ არა, მაშინვე ხელგაშლით ხარჯავს, უყვარს მეგობრების გამასპინძლება, თუმცა, ასეთი შემთხვევა მეტად იშვიათია.

ზაფხულის თბილ ღამეებს სამრეკლოებსა და სასაფლაოებზე ათევს. ხშირად დადის მთაწმინდასა და დიდუბის პანთეონში. უყვარს საღამოს ბინდ-ბუნდი, სასაფლაოს მდუმარება, მარტო ყოფნა თავის ფიქრებთან. გაიგონებს თუ არა ქუჩაში სამგლოვიარო მუსიკის ხმებს, მაშინვე აედევნება პროცესიას, დაიკრეფს გულზე ხელებს და მდუმარედ გაჰყვება სასაფლაომდე. არ იკითხავს, ვის ან სად ასაფლავებენ. ეს სულ ერთია. იცის, ვიღაცას გლოვობენ და თვითონაც ამ გლოვის ჩუმი მონაწილე ხდება.

ხშირად ესწრება წირვებს, უყვარს საეკლესიო გალობა, კათოლიკეთა ეკლესიის ორღანოს ხმა. განსაკუთრებით იტაცებს სააღდგომო ცერემონიალი, რაღაც შეუცნობელ ექსტაზს რომ განაცდევინებს. საოცრად განიცდის მუსიკას. შეუძლია დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგეს ქუჩაში და გარინდებულმა უსმინოს როიალის ხმას. უყვარს ეტლით სეირნობა, ყვავილები. უფრო ვარდი და ია. ცაციათი გულზე მიიხუტებს იის კონას და პირველსავე შემხვედრ მეგობარ ქალს მიართმევს. დროდადრო დებსაც ესტუმრება წალენჯიხაში, მაგრამ იქ დიდხანს ვერ ძლებს და უმალ თბილისს უბრუნდება. უყვარს თბილისი. გარიჟრაჟიდან შუაღამემდე მოჩვენებასავით დაეხეტება მის ქუჩებში, მუდამ ნერვიული და ფერმკრთალი, თმააწეწილი; ზამთარ-ზაფხულ დაფლეთილი სამოსი აცვია. თრთოლვით წერს ლექსებს, მისი ლექსების უმრავლესობა ღია ცის ქვეშაა შექმნილი.

ტერენტი გრანელის პოეზიამ 1924 წელს მიაღწია თავის მწვერვალს. მან გამოსცა ახალი ლექსების წიგნი „Memento mori“. ამ წიგნის გამოსვლად ცხოველი ინტერესი გამოიწვია. ამავე წელს რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზიას.

1926 წელს ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების უკანასკნელი წიგნი. 1928 წლიდან კი იწყება პოეტის მკვეთრი სულიერი დეპრესია. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას. რა თქმა უნდა, ტერენტი გრანელი კარგად გრძნობდა თავის ამ უდიდეს პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას და ეს უფრო ამძაფრებდა მის ტრაგიზმს. გოეთე წერდა: „ადამიანის ბუნებას... განსაზღვრულ მიჯნამდის თუ ძალუძს როგორც სიხარულის, ისე ტკივილის თუ ტანჯვის გადატანა; როცა იგი ამ მიჯნას გადასცდება, უთუოდ დაიღუპება“.

სწორედ ასევე დაემართა გრანელსაც. გამხდარი და დაუძლურებული ძლივსღა დააბიჯებდა. ჩაუქრა შთაგონებული თვალების ელვარება, მთლად მოეშვა. დადიოდა თბილისის ქუჩებში - ცოცხალი გლოვა და სევდა. უბით დაჰქონდა „სისხლიანი რვეული“ და მისი სახე სანთელივით დნებოდა.

უკანასკნელი ოთხი წელი პოეტმა თბილისისა და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა.

...ფიროსმანივით მიტოვებულმა და მივიწყებულმა, მძიმედ დაავადებულმა ტერენტი გრანელმა სამუდამ დახუჭა თვალები 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა.

მიმაგრება: 3638459.jpg(10Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 13:54 | შეტყობინება # 9
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline

გიორგი ლეონიძე (1897-1966)

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1988 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

პირველი ლექსი „მცხეთა“ დაბეჭდა 1911 წ. გაზეთ „სინათლეში“. 1916 წ. გამოსცა ლიტერატურული კრებული „საფირონი“ (ს. შანშიაშვილთან ერთად). 1918 წ. დაუკავშირდა „ცისფერყანწელთა“ ჯგუფს. 1923 წ. რედაქტორობდა ყოველკვირეულ გაზეთ „ბახტრიონს“. 1931 წ. იყო ინიციატორი და მთავარი ორგანიზატორი ლიტერატურის მუზეუმის დაარსებისა, რომელსაც ორ ათეულ წელს ედგა სათავეში. მისი ინიციატივით დაარსდა ი. ჭავჭავაძის მუზეუმი საგურამოში. როგორც პასუხისმგებელმა მდივანმა, დიდი ამაგი დასდო ალმანახ „ლიტერატურული მემკვიდრეობის“ გამოცემას. ლექსების პირველი კრებული გამოაქვეყნა 1939 წ. ავტორია პოემებისა: „ბელადის ბავშვობა და ყრმობა“, „ფორთოხალა“, „ბერშოულა“, „სამგორი“.

1946 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1959 წ. მიენიჭა საქართველოს სახალხო პოეტის წოდება. 1959 წლიდან სიკვდილამდე ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს. 1951-1954 წლებში იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. სამგზის მიენიჭა სახელმწიფო პრემია. დაწერილი აქვს მოთხრობების წიგნი „ნატვრის ხე“ და წარსულის ლიტერატურულ-კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი მრავალი გამოკვლევა.

გიორგი ლეონიძე გარდაიცვალა 1966 წ. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 1969 წ., სიკვდილის შემდეგ, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

მიმაგრება: 9231757.jpg(4Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 13:55 | შეტყობინება # 10
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
რევაზ ინანიშვილი

რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წ. სოფელ ხაშმში (საგარეჯოს რაიონი). დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი (1956). პირველი მოთხრობა „სახსოვარი“ გამოაქვეყნა ალმანახ „პირველ სხივში“ 1950 წ., ხოლო პირველი კრებული „პირველი მოთხრობები“ – 1953 წ. მისი მოთხრობების ძირითადი კრებულებია: „მეგობრისადმი მიწერილი წერილებიდან“ (1958), „წვეთები ფოთლებზე“ (1962), „ცოსფერი გორგალი“ (1968), „საღამო ხანის ჩანაწერები“ (1971), „ბარისკენ მოფრინავს ჯაფარა“ (1974), „ჩიტების გამომზამთრებელი“ (1978).

მწერალი ნაყოფიერად იღვწოდა საბავშვო ლიტერატურაშიც. აღსანიშნავია მისი საბავშვო კრებულები: „ბედნიერი მთა“ (1960), „ბიბო“ (1964), „სად ცხოვრობს მეზღაპრე“ (1970), „მგლის ლეკვები“ (1973), „შორი თეთრი მწვერვალი“ (1976), რომელშიაც 1977 წ. მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. მწერლის სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები: „არდადეგები“, „დაბრუნებული ღიმილი“, „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“, „ფერმა მთაში“, „ზაფხული სოფლად“ („პასტორალი“, თანაავტორი ო. იოსელიანი), „ნატვრის ხე“ (გ. ლეონიძის წიგნის მიხედვით, თანაავტორი თ. აბულაძე), „ქვიშანი დარჩებიანო“ (თანაავტორი გ. შენგელაია).

რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წ. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 13:57 | შეტყობინება # 11
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline

გურამ რჩეულიშვილი

გურამ რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წ. თბილისში, 1957 წ. დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა 1957 წ. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე. 26 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა ქ. გაგრაში 1960 წ., როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად.

გ. რჩეულიშვილის მოთხრობების პირველი კრებული „სალამურა“ გამოვიდა მისი გარდაცვალების შემდეგ, 1961 წ. მწერლის ძირითადი კრებულებია: „მოთხრობები. პიესა“ (1965). „მოთხრობები“ (1977).

გ. რჩეულიშვილი დაკრძალეს თბილისში ვაკის სასაფლაოზე.

მიმაგრება: 7232141.jpg(4Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 13:59 | შეტყობინება # 12
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline

მერაბ კოსტავა (1939-1989)

მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26 მაისს თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში. ბაბუა - ვლადიმერ დემურია ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მასწავლებელი იყო. მერაბზე დიდი გავლენა მოახდინა ბიძამ - ცნობლმა მსახიობმა და პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ.

1946 წ. მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). იგი მეტად ნიჭიერი და ბეჯითი მოწაფე იყო. ამ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. აქ შეფიცეს მათ ერთმანეთს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისათვის. მეგობრების და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია დიდმა ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მერაბ კოსტავა - მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა - სწავლას იწყებს ზაქარია ფალიაშვილი სახელობის მუსაკალურ ათწლედში, რომელსაც ამთავრებს 1958 წ. და სწავლას აგრძელებს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობს მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალის „ქართული ენა ლიტერატურა სკოლაში“ რედაქტორი.

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. 1989 წ. 13 ოქტომბერს იგი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.

მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის მინიჭებული აქვს ორი პრემია - დავით აღმაშენებლის და მწერალთა კავშირისა.

დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მიმაგრება: 0060785.jpg(6Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:01 | შეტყობინება # 13
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline

გურამ ოდიშარია

გურამ ოდიშარია დაიბადა 1951 წლის 24 სექტემბერს გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარაში.

იგი აფხაზეთში გამომავალი ერთადერთი ქართული ჟურნალის - „რიწის“ მთავარი რედაქტორია.

საშუალო სკოლაც და ინსტიტუტიც სოხუმში დაამთავრა.

მისი ლექსების პირველი კრებულიც - „საგალობელი შენთვის“ სოხუმში გამოიცა (გ. ოდიშარია ათი პოეტური და პროზაული წიგნის ავტორია).

სოხუმში შეეძინა ქალიშვილი.

სოხუმში დაკრძალა მამა, ააგო სახლი...

1993 წლის 27 სექტემბერს კი იძულებული გახდა, დაეტოვებინა მშობლიური ქალაქი და დევნილთა ბედი გაეზიარებინა.

მიმაგრება: 3181227.jpg(6Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:03 | შეტყობინება # 14
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline

დავით გურამიშვილი (1705-1792)

დავით გურამიშვილი დაიბადა საგურემოში. სიჭაბუკე თავის მამულში, საგურამოში გაატარა. შემდეგ მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. ირანი და ოსმალეთი გამუდმებით ეცილებოდნენ ერთმანეთს შინააშლილობით დაუძლურებულ საქართველოს. ლეკთა თარეშს ბოლო არ უჩანდა. გურამიშვილების ოჯახი ქსნის ხეობაში სოფელ ლამისყანაში გაიხიზნა. შექმნილი ვითარების გამო ვახტანგ მეფე 1724 წ. იძულებული გახდა, დიდი ამალითურთ რუსეთს გამგზავრებულიყო. უპატრონოდ დარჩენილ ქვეყანაში ლეკებმა უფრო იმძლავრეს. დაახლოებით 1727-28 წლებში მათ დავითი შეიპყრეს და სოფელ ოსოქოლოში გადაიყვანეს. იგი ტყვეობიდან გაიპარა 1729 წ. მოსკოვში ჩააღწია და ვახტანგ VI იარაღის საწყობი ჩააბარა.

1783-60 წლებში დავითი მონაწილეობდა ოსმალეთის, შვეციისა და პრუსიის წინააღმდეგ რუსეთის ლაშქრობებში, თავი ისახელა სიმამაცით. პრუსიის ომში ტყვედ ჩავარდა და 1759 წ. დეკემბრამდე მაგდებურგის ციხეში იჯდა. ტყვეობიდან პოეტი დაუძლურებული ჩამოვიდა. 1760 წ. თავი დაანება სამხედრო სამსახურს და მეუღლესთან ტატიანა ავალიშვილთან ერთად საბოლოოდ დამკვიდრდა უკრაინაში, გარდაიცვალა მირგოროდში, დასაფლავებულია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში.

1787 წ. პოეტმა საკუთარი ხელით გადაწერა და ერთ წიგნში „დავითიანში“ მოუყარა თავი ყველა იმ თხზულებას, რომელსაც, რომლებსაც მთელი სიცოცხლე ქმნიდა, და პოტიომკინის კარზე მყოფ მირიან ბატონიშვილს (ერეკლეს ძმას) გამოატანა საქართველოში. ესაა სამშობლოს უბედურებით გულშეძრული პოეტის მოთქმა და გოდება. პოეტი ღრმად ჩასწვდა იმ მიზეზებს, რომლებმას საქართველო უფსკრულის პირას მიიყვანეს.

მიმაგრება: 2987547.jpg(6Kb)
 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:04 | შეტყობინება # 15
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ვახტანგ ორბელიანი (1812-1890)

ვახტანგ ორბელიანი რომანტიკოსთა სკოლის თავლსაჩინო წარმომადგენელია, მეფე ერეკლე II-ის ასულის თეკლე ბატონიშვილის უმცროსი ვაჟი, დაიბადა თბილისში, სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში (1820-27), შემდეგ პეტერბურგის პაჟთა კორპუსში, რომელიც არ დაუმთავრებია. იყო საქართველოდან რუსეთის ხელისუფლების განსადევნად მოწყობილი შეთქმულების (1832 წ.) ერთ-ერთი მესვეური. ამ შეთქმულებაში მონაწილეობდა დედამისი და მისი ძმები, რისთვისაც ყველანი სამშობლოდან გადაასახლეს. 1837 წ. დაბრუნდა საქართველოში, შევიდა სამხედრო სამსახურში და მონაწილეობდა სხვადასხვა ლაშქრობასა და ომში. 1860 წ. გახდა გენერალ-მაიორი. იყო ყაბარდოს ოლქის, შემდეგ თერგის მხარის ოლქის უფროსი.

ვ. ორბელიანის შემოქმედებას სათავე დაუდო სამშობლოდან გადასახლებით გამოწვეულმა ღრმა განცდებმა. ამის დასტურია მისი ერთ-ერთი ლექსი „გამოსალმება“. პოეტის წარმოსახვაში დიდი ადგილი უჭირავს მამულისათვის თავდადებულთა წმიდა სისხლით მორწყულ საქართველოს. მისი პოეზია აფხიზლებდა საზოგადოებას, უღვივებდა სამშობლოს სიყვარულს.

ვ. ორბელიანი დასაფლავებულია თბილისის სიონის ტაძარში.

 
ფორუმი » Test category » მეგრელების ფორუმი » ბიოგრაფიები
გვერდი 1 დან12»
ძებნა:

Copyright MyCorp © 2017ჰოსტერი uCoz