სამშაბათი, 16.04.2024, 15:58
Мой сайт
 
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ფორუმი » Test category » მეგრელების ფორუმი » ქართული პროზა და პოეზია
ქართული პროზა და პოეზია
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:54 | შეტყობინება # 16
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

დამაკვირდი
I

კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, -
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

II

სიკეთით სძლიე შენს მტერსა,
ერიდე სისხლით ზღვევასა:
სულგრძელებითა ძლევა სჯობს
ვაჟკაცობითა ძლევასა.

III

ვაჟკაცთ ცრემლსა რად უძრახვენ?
რკინაც სტყდება, როს სცემს გრდემლი...
კაცთ და პირუტყვთ გასარჩევად
ღმერთმა შექმნა მარტო ცრემლი.

IV

წუთის-სოფელი ასეა:
ღამე დღეს უთენებია.
რაც მტრობას დაუქცევია -
სიყვარულს უშენებია.

V

ხმალი იმოდენს ვერას იქმს
მრისხანე და ძლიერიო,
რასაც იქმს მშვიდობიანი
კალმის პატარა წვერიო.

VI

შუბი დიდია და მძლავრი,
სისხლმღვრელი, სისხლის მსმელია,
წყნარი, პაწია ნემსი კი
შიშველ-ტიტველთა მცმელია.

VII

არა, არ ვუქებ ვაჟკაცსა
კაცთა მუსრვას და ომსაო!..
ვაჟკაც იგია, ვინც მართალს
ეტყვის ქვეყანას მცდომსაო;
ვინც არ შეუდრკა მრავალსა,
ხშირად მართლისთვის მწყრომსაო,
ვინც კრავს უმანკოს ეკრძალვის
და პირში უდგა ლომსაო.

VIII

მადლმა სთქვა: წუთის-სოფელში
ყოფნა, ვაი, რა ძნელია!
ძალი ჰძალოვნობს, ჰბატონობს,
მე გული გადამელია;
საცა კი შევხვდი, დამძლია,
ვერ შევუბრუნე ხელია...
მართალი უთქვამს, ვინცა სთქვა:
„ძალა აღმართის მხვნელია“.

IX

თუ სახელის შოვნა გინდა,
დღეს ისეთი ნერგი დარგე,
რომ ხვალემა მადლობით სთქვას:
ნანერგითა შენით მარგე.

X

ვაჟკაცად იმას არ ვაქებ,
ვინცა სისხლისა მღვრელია,
ვაჟკაცად იგი მიქია,
ვინცა უბედურთ მხსნელია.

XI

ჭკუამ სთქვა: წუთის-სოფელსა
აღმართი მე ვახვნევინე,
თესლი მოვკრიბე და ხნულში
დავთესე, დავაბნევინე,
უღონოს ღონე მე მივეც,
ხელი მე გავაქნევინე.
გულმა სთქვა: ჭკუავ, მართალ ხარ,
და ზოგიც მე მათქმევინე!
შენი ნახნავის გორახი
ფარცხით მე მომაფშვნეტინე;
ნაგოლვი, მშრალი ბელტები
ცრემლით მე მომარწყვევინე;
შენი ნათესი, ნანერგი
სისხლის ღვრით გამაზდევინე;
შენსა ჯეჯილში, ყანაში
ღვარძლი მე ამარჩევინე;
ნაამაგარი ძნად შევკარ,
ზვინად მე დამადგმევინე...
ვკვნეს, რომ ერგოს ყველას სწორად,
და შენ ეს ვერ გაქმნევინე, -
არ იქმნა, ჭკუავ, მადლის გზა
მე შენ ვერ დაგაქნევინე.

XII

ამოწვდილს ხმალსა მტრისასა
წინ მიაგებე ფარიო;
დროზედ ნახმარი ფარიცა
იგივე ხმალი არიო.

XIII

პატიოსანთ მტერთა შორის
მოციქული ნამუსია.

XIV

გებრალებოდეს, ნუ ჰრისხავ
კაცს შენზედ შურით მწდომსაო!..
კეთილი ფარად უფარე
შენთვის ბოროტის მდომსაო,
მადლისა წყაროს ასმევდე
ცოდვის გუბეში მდგომსაო.

[1886 წ.]

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:55 | შეტყობინება # 17
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) მოუსმინეთ სიმღერას (wma)

* * *

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,
თუმცა ძველნი დაგვშორდნენ, ახალნი ხომ შენია...

მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია, -
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?

წვრილშვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, გულმტკიცები,
მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,
არ გიმტყუნებენ შენა, თუკი მათ მიენდობი.

მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია, -
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?

მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა,
მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა...
ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა!

მათ თვის მკერდით შემუსრონ მტერთა სიმაგრენია, -
ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ რად მოგიწყენია?

1872

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 14:58 | შეტყობინება # 18
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

ხმა გულისა
ჩუმ მაღნარშია წამოწოლილი
ვიყავ, ზედ მედგა ხის უხვი ჩრდილი,
და საიდაღამც ნაზი ბულბული
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.

დიდხანს და დიდხანს ვუგდებდი მე ყურს
იმ ხმას საკვირველს, იმ ხმასა გრძნეულს,
ვგრძნობდი ჩემ სულის მშვიდ აღმაფრენას
და გულის ჩემის სულ სხვაგვარ ცემას.

დიდხანს ვატარე, დავღალე თვალი,
ვერსად ვერ ვპოვე ის მომღერალი;
თურმე ჩემს გულში ნაზი ბულბული
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.

1859 წელსა, 11-სა იანვარს
ს. პეტერბურღი

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 15:00 | შეტყობინება # 19
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
* * *

ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში
ბოროტთ საკლავად, - მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.

თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:
აგიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა,
და დაე გვძრახონ, - ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.

ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!“
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს,
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!

1861, ოკტომბერი,
ს. ყვარელი

წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

მწუხარება
ქვეყანაზედ და ზეცაზედა იყო დუმილი,
მოლხენით იყვნენ უდარდელნი მთიებნი ცისა...
და მე კი მკლავდა მწუხარება წყლულთა ტკივილი,
შიგ გულში მედვა სასიკვდილო გესლი სევდისა.

სული მიგუბდა, გული მტეხდა ტკივილით, ტანჯვით,
თითქოს ჩემ გვამსა ზედ გადესხა ნავთი მდუღარე,
ძარღვნი სკდებოდნენ საშინელის წვითა და დაგვით,
ტვინი მეწოდა, გესლი მწვეთდა თვალთაგან მწარე.

ესე უწყალოდ გაწირული და დაშთომილი
ვეგდე მარტოკა უცხო ცის ქვეშ დიდ კლდისა პირსა,
ქვეყანაზედ და ზეცაზედ კი იყო დუმილი,
მოლხენით იყვნენ უდარდელნი მთიებნი ცისა!

1860, 11 ივლისსა [პავლოვსკი]

წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

პოეტი
მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო,
ვით ფრინველმა გარეგანმა;
არა მარტო ტკბილ ხმათათვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.

მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა.

დიდის ღმერთის საკურთხევლის
მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,
რომ ერისა მოძმედ ვიყო
ჭმუნვასა და სიხარულში;

ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული...

მაშინ ციდან ნაპარწკალი
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,
მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ
მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!

23 ივლისსა, 1860.
პავლოვსკი

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 15:02 | შეტყობინება # 20
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
კონსტანტინე გამსახურდია
* * *

ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავათ ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგკილავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს...
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

1938 წ. 1/X. ტფილისი

ისლის სახლი

ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!
შენ მაჩვენე მზის სიახლე
და ზღაპრების მხარე.

მე
ზღვის ნისლებს გადავყევი და მთებს მივეფარე,
ვეღარ ვნახე შენი სახე, ვეღარ მოგისწარი.
ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!

ჩემი სისხლი შენსკენ იწევს, ჩემი სისხლი ჩქარი.
ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!

1929

პეპელა უნტერდენ ლინდენზე

საით მიფრინავ ფრთამოხატული
ამ აფიშების უწყალო ომში,
შენ გიმღეროდა რომში კატული,
ახლა მე გიმღერ მესამე რომში

1918 წ. ბერლინი

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 15:03 | შეტყობინება # 21
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
კონსტანტინე გამსახურდია
მარია სტელლა

შემოღამდება, გაისვება დისკო მთვარისა,
დისკო მთვარისა მოვერცხლილი და მოქარგული
და გუმბათებზე აენთება ქრისტეს ჯვარისგან,
ქრისტეს ჯვარისგან მოფენილი სხივი ფარული.
როგორც ბინდისას მათხოვარი ბრმადმოარული,
სხივი ბარბაცით კანალებში გადაიჭრება,
გატყდება ბროლი მინანქარით შემობზარული,
აედევნება ბნელ ხეივნებს ლანდების წყება.
შადრევანებზე ეზმორებათ გრანიტის ლომებს,
გულში იღვიძებს სათნოება, ქუჩაში ბნელა,
ჩრდილის მანტია მოეხვევა წმიდა ბართლომეს
და მღერის ვიღაც პორტალებთან: „მარია სტელლა“.
მახვილამოწვდილ ანგელოსის გაჰქრება ლანდი,
როგორც დემონი გაფრენილი ბრინჯაოს რაშით,
ამურეტები აიყვანენ ბამბინოს ცაში,
ოქროს ფირმამენტს ჩაიხუტებს ტიბროსი ზანტი
და მთვარე, სხივთა არტახებში ნაზი ინფანტი,
აღმოსავლიდან გვირგვინოსან მოგვებს მოელის.
კაშკაშებს ჯვარი კაპიტოლზე არაკოელის,
ვით ბრილიანტი...
დაარისხებენ სან-პიეტროს მწუხარე ზარებს,
ნარინჯის ფონზე მოიჭრება ავგუსტის არკა
და ტრიუმფები მოინდებათ ისევ ცეზარებს,
ნაზ სერენადებს კვლავ იმღერებს ღამით პეტრარკა.
დავეძენ ღვთიურ ჰარმონიას, ჰანგად დარხეულს,
დავეძებ ტაძარს ღვთაებისას და ვითხოვ შველას!
წავალ - ვემთხვევი მაცხოვარის წამებულ სხეულს
და მუხლმოდრეკით მეც ვიმღერებ: „მარია სტელლას“.

1919 წ. რომი

ტფილისური საღამო

ცას გაეკრა ღრუბელი, ვით შუბლს ფიქრი ფარული,
ჩემორეცხა წვიმამ ცას ღაწვით ფერუმარული;
ნისლის რუხი ზოლები მძინარ სახურავიდან
მიიწევენ ცისაკენ გაწეწილი კავითა.

სულიც ისე ისრწაფვის, ცისკენ მზეგადასული,
როგორც კვამლი საღამოს, საკმეველად ასული.
მოიბურა მთაწმინდა ნისლის სამოსელითა,
ღმერთმა ციდან დაუშვა ოქროს ჯაჭვი ხელითა.

ფიქრი მოვა საღამოს, ფიქრი შავნაღვლიანი,
შეამოაღებს ჩემს კარებს როგორც მგზავრი გვიანი.
ბნელ ქუჩებში უმიზნოდ, დავალ დავეხეტები
ვნახო მტკვარში ვითა კრთის სინათლისა სვეტები/

დაეხატა მტკვარს მკერდზე საფირონის ციონი.
„მოკვდა ბაგრატიონი, მოკვდა ბაგრატიონი“, -
აგუგუნდნენ ზარები, აქვითინდა სიონი...

1914 წ. 19/X

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 15:05 | შეტყობინება # 22
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
კონსტანტინე გამსახურდია
საქორწინო

ჩვენს პატარძალს მოვუქარგეთ
ოცდახუთი ნატი.
დროც მოსულა საქორწინო
და აყვავდა ფშატი.
ამოვქარგეთ გულისპირზე
ნაჩრდილი და ნაშუქარი,
შეეწიოს ჩვენს პატარძალს
დიდედისგან ნაჩუქარი
ღვთისმშობელის ხატი.
მშვიდობაში, მშვიდობაში,
ნუ დალიოს მაცხოვარმა
სასძლოს ჩვენის კიდობანში
ოქრო, ვერცხლი, სათი.
დედას სველი რჩება თვალი,
მამას გული მწყრალი, -
ტყავკაბები, ქათიბები,
ასიოდე ცალი,
სადიაცო, ასზე მეტი,
ქირმანული შალის,
საგულენი, პერანგები,
მოოჭვილი ლალით.
ასი მხარი აბრეშუმი,
ასი მხარი დიბი,
სააბანო ხალათები
შემკობილნი შიბით;
შვინდისფერი ყაბაჩები
ნაკერი გვაქვს სითვით,
სამ სეფეწულს გაათხოვებ
ამისთანა მზითვით.

1956 წ. 16/V. ტფილისი

ძაბული

მე სათუთი ვარ,
როგორც ქორფა ყვავილი ვაშლის,
ჩუმი და სათნო,
ვით ქურციკი ორიოდ კვირის,
ჩემს ნაზ ოცნებას
ერიდება ფრთებისა გაშლის,
და ჩემს ნაზ სულში
ცეცხლი ღვივის და ცეცხლი სტირის.

1936 წ. ტფილისი

DE PROFUNDIS

ლელი. ჭოჭი. ნარეკალას
ტბის ნაპირი დაუხლართავს,
შეხე, ჭინკას, მაგ ცალთვალას,
ობობის ქსელს როგორ ართავს.
ტბა შეირხა, ტბა აქაფდა,
გველი წივის, ტბა კაშკაშებს,
შორს ვარსკვლავი აკიაფდა,
გველი ხვითოს ათამაშებს.
აცახცახდა ტბის ლერწამი,
ტბის ტალღები მიმოჰქრიან,
საუკუნედ იქცა წამი,
მეშინიან, მეშინიან...

1914 წ. მჲუნხენი

REQUIEM

მეც მყავდა დედა, ის წავიდა, მარტო დამტოვა,
ვის მივაკითხო? აღარ არის ამ სააქაოს.
მახსოვს აქ იყო, ისიც ვიცი, რომ აღარ მოვა,
ვის მივაკითხო? ამ ბნელ ღამეს, თუ მრუმე ქაოსს?
ჰოჲ, დავსილო სიხარულო ბავშვობის დღეთა,
როცა მყოფნიდა მე ხალისი და სითამამე,
ამსოფლიური მომიწამლა ბედმა სიამე...
ოჰ, ბნელო ღამევ, ხომ არ იცი, რა იქნა დედა?
ოჰ, ცისნათელო, ეგებ შენ თუ მაუწყო რამე?
მე სიხარულის საუნჯენი გადამეკეტა,
ვარამის გესლით გავითანგე და მოვიშხამე,
ეგებ ზეცაში მან კარავი თუ გაიკეთა,
ან წილნაყარი იყოს ეგებ გარდასულ მზეთა,
და დაეუფლა მის უკვდავ სულს უკუნი ღამე.

1928 წ., დეკემბერი.

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 15:07 | შეტყობინება # 23
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ლადო ასათიანი

არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
ყველა ხევსური და ყველა სვანი,
ქართველი ქალი თვალებმაყვალა,
ჩემი თბილისი და ფიროსმანი
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,
ცოცხალი არვინ არ მიიკარა,
მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ
და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.

ძილგატეხილი და არეული
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,
მერე შეკრთება, ვით მთვარეული
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.

ქართული ზეცა, ქართული ზვარი,
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა…
ჩემი თბილისი და ფიროსმანი
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

1939

ალბომიდან

რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,
რამ დამავიწყოს ეს ალუბლები!
იცოდე, როცა სხვას შეიყვარებ,
ამ სიყვარულზე ვესაუბრები.

ვეტყვი თუ როგორ გვიყვარდა ძველად
ჩვენ ტრფიალება წრეგადასული,
თუ როგორ გაქრა ოცნება ყველა
და მოგონებად დარჩა წარსული.
ვეტყვი, თუ როგორ გვიყვარდა გულით
ფიროსმანი და თბილისის ღამე,
ლაჟცარდოვანი მტკვარის დუდუნი
და მარტოობის მკაცრი სიამე.

ვეტყვი: რა მწვავდა, რა სატკივარი,
მაღალ მთებს რისთვის გამოვექეცი,
როგორ გაგანდე, ძვირფასო, ჯავრი
და კაცი ლექსად როგორ ვიქეცი,
ამ შენს სახელზე ბერდანის ტყვიით
როგორ დავკოდე ნადირი მხარში,
რომ არ ვიცოდი მაცდური ტყვილი,
რომ შეშლილივით მიყვარდი მაშინ.

ო... მასაც ვეტყვი, ვეტყვი ყველაფერს,
რა კარგი იყავ და რარიგ ნაზი,
რომ მხოლოდ შენთვის ავაფერადე
ჩემი სიმღერა და მუხამბაზი!

ო... მასაც ვეტყვი, ძვირფასო ცირა,
როგორ გვდევნიდა ბედი ტიალი,
როგორ გვიყვარდა შავი ზღვის პირას,
გასეირნება და ხეტიალი.

როგორ გვათრობდა ტალღების ნანა
და სიყვარულით როგორ ვიწვოდით...
და ეს შარბათზე უტკბესი ხანა
რომ გაქრებოდა, რად არ ვიცოდით?!
ვეტყვი, რა იყო ის გაზაფხული,
როდესაც შეგხვდი და შემიყვარდი,
ოპერის ბაღის სიზმრად ნახული,
აკაკის ძეგლთან გაშლილი ვარდი.
რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,
რამ დამავიწყოს ეს ალუბლები!
იცოდე, როცა სხვას შეიყვარებ,
ამ სიყვარულზე ვესაუბრები!

1939


გალაკტიონს

საქართველოში შენს გარდა მგოსანს
დღეს ქების შაირს არ ვეტყვი, არა,
შენა ხარ ლექსის მეორედ მოსვლა,
და, რომ არ გითხრა, ივარგებს განა?!

ხან ამაყი ხარ, გულანათრთოლი,
ხან კი ბავშვივით ხარ დარცხვენილი,
ხან მოცახცახე ვერხვის ფოთოლი, -
შემოდგომისას ძირს დაცვენილი.

რით გაგაკვირვო? რით გაქო? ბოლოს,
ერთს გეტყვი მარტო შეგირდი შენი:
ჩვენში მგოსანი შენა ხარ მხოლოდ,
რომ სიცოცხლე და ლექსები გშვენის!

1940


თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო

რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,
თუ მამულს თავი არ ანაცვალე?
ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,
მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს.

რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,
შენ გეკითხები, ცაო ნათელო,
ამ უხეირო ლექსების გარდა
რას გავუკეთებ მე საქართველოს?

რომ ვდგევარ ახლა თბილისის კართან,
თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო,
ამ უხეირო ლექსების გარდა
დაგვრჩა საფიქრი და საოცნებო?

რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,
თუ მამულს თავი არ ანაცვალე, -
ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,
მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს!

1940 წ.

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 15:08 | შეტყობინება # 24
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
იოანე ზოსიმე
ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ
დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა[1] საწამებლად, რაჲთა[2] ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.

და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!

და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ,

და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.

და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ " წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ"[3],

და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ - ათასსა მარაგსა,

და ესე არს ოთხი დღჱ [4], და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის - ღებისა მისისაჲთა [5].

და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა,

და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც - და -ათოთხმეტი [6] წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსვლითგან დღესამომდე.

და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ [7], ესე წილი ანბანისაჲ.

_________________________________________

1 მესიისა , 2 რათა , 3 დღჲ , 4 დღეჲ , 5 მამისაჲთა , 6 ას ოთხი , 7 ას ოთხი ესე წელი, და ... (ზოგიერთ ხელნაწერში ასეთი ვარიანტებიც გვხვდება)

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 15:09 | შეტყობინება # 25
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ბესიკი
ამბავს ავწერ ადრინდელსა

ა. ამბავს ავწერ ადრინდელსა,
აღმკულების აღმკობასა,
ბ. ბულბულ ბევრად ბუდობასა,
ბედისაგან ბირებასა,
გ. გულთ ძგერასა გიშრისაგან,
გლონისაგან გოდებასა;
დ. დროიანათ დაწერასა
დიდსა დავწერ დიდობასა!

ე. ეთერივით ელით ენთებს,
ეკეთების, ეტურფების,
ვ. ვისა ვარდსა ვესუროდი,
ვნახე ვაშად ვასურვებდის;
ზ. ზურმუხტითა ზარქაშთაგან
ზრზოლებითა ზრზიალებდის,

ჱ. ჱერობითა ესრეთ ერთობს,
ჱ, სამოთხეს ედარების!
თ. თვალობა და თმა-თხზულობა
თამაშობდის თავად თებთა,
ი. ირმისაებრ იწყურობა,
ისტურობა ინდოელთა;
კ. კეთილობით კეკელაობს,
კაეშანს კრავს კარგ კოროლთა;
ლ. ლალებრივი ლოყა ლოშნით
ლერწამ ლალსთა ლალობათა.

მ. მუდამ მსურის მეფესთანა
მყოფობა და მდგომრეობა,
ნ. ნორჩისაგან ნებობაი,
ნარნარითა ნარეობა,
ო. ორთ ოქსიონთ ორხოობა,
ოროლითა ონარობა,
პ. პირისაგან პრწყინვალობა,
პალატთაგან პურეობა.

ჟ. ჟამებისგან ჟრჟინოობა,
ჟრელობასა ჟრიალობდის,
რ. რუსთველთაგან რიგიანად,
რაბამაბად რონინობდის;
ს. სუმბულთაგან სირინოზი
სარდიონად სრიალობდის,
ტ. ტრფიალობა ტანადისა,
ტურფობითა ტარტარობდის!

უ. უტრფიალესსა უფროსსა
უმეტეს უქებ ულვაშსა,
ფ. ფერთა ფაქიზთა ფლობასა,
ფერთა ფაიფორ ფრობასა,
კ. ქალთაგან ქედის ქებასა,
ქურციკთან ქამანდობასა,
ღ. ღაწვთა ღებილთა ღელვასა,
ღალიას ღადღადებასა.

ყ. ყირმიზ ყელსა ყველაყასა
ყანდობს ყუში ყველაკაი;
შ. შუბლთა შუქი შემოადგა,
შაბაშ შვენის შუბობაი;
ჩ. ჩინი ჩინთა ჩენილთაგან,
ჩენილ არის ჩუქობაი,
ც. ცითა ცრობა, ციაგობა,
ცხადი ცრობა, ცირობაი.

ძ. ძვირ-ძირობა ძღვენებისა
ძნელად, ძნიად ძიანობდის;
წ. წერწეტობა წენებისა
წალკოტს წინა წარმორბოდის.
ჭ. ჭეშმარიტი ჭაბუკობა,
ჭვრტიალითა ჭვირაობდის,
ხ. ხორხით ხვნეშა - ხათრობითა
ხანობითა ხარხარობდის.

ჴ. ჴელნი ჴრმობენ ხარებასა,
ჴოჴითაცა ჴარებასა,
ჯ. ჯიმშით ჯინობას ჯერობას,
ჯერნისაებრ ჯარობასა,
ჰ. ჰაერთაგან ჰალნობასა,
ჰეროვნობით აღმსთობასა,
ჵ. ჵორბებთაგან ჵორობასა,
ჵომერისგანა ჵორობასა!

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 15:10 | შეტყობინება # 26
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ბესიკი
ჰაერი ცივ-ნამიანი

ჰაერი ცივ-ნამიანი,
ჩემთვის აღარ-ა დღიანი!
მას ვშორავ გულ-სევდიანი,
ვის მოლოდნა მაქვს გვიანი!
ქუფრ-ხვევით, თვალ-ცრემლიანი,
აღარა სადა ხმიანი,
თავ-მოხრით ვნახე იანი;
სხივნი ჰკლებოდეს მზიანი!

ხმა სირინოს

ხმა სირინოს, თმა-ღულამბარ-წინამოს,
დამქროლო ნიავო, არვედ ეარე!
მზე-აპოლოს, დისკო უძღვენ წინამოს,
შვიდთა მთენთა ერთი ხლებად ეარე!

ვინ სულთ ბაზრად შეაშენენ შენები,
მუნ სადაღნი შავად საგნად შენები!
მეტყვი: "მოი, გულო შავ-გლახ, შენ ები,
ძვირად სადმე საფარდულად ეარე!

თეთრთა ზღვათა შავნი ნავნი მანავნი,
ესრეთ ვჰგონე, მან განავნა მანავნი;
არ იკადრა ლიმენს ტევრი მან ავნი.
შავნი ჰინდნი მას დარაჯად ეარე!

ვსთქვი: რა ვნახე უცხო სახე დარანი,
მიესხივნეს გულთ სათენი დარანი.
ლალს მოეცვა ბარაინის დარანი,
სადაფს ვარქვი: "შენ ტიელად ეარე!"

ვარდსა ბაღი გაეწითლა არვებით;
თუ შევეხით, არ უეკლოდ, არ ვებით.
მისს მაჯნუნსა რამცა ჰქონდეს არ ვებით!
ჰხამს ეკალი ზედან გულზედ ეარე.


ჭადრაკზედ ზმები

ნიჭად რა კიდარ უკადრად მე ფერხნი შემჰსდგენ ღონითა;
ჟილ ბლაზი ერის მეტ ლიზღვით დამმხედ არ იყოს ჰხსონითა;
დიაცურ კუდი კაპაი კიდედ მერ განვლის ფონითა;
იქ იში ითქმის, აქ ვაშა, მათი რიდი მაქვს წონითა!

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 15:12 | შეტყობინება # 27
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline

ლიტერატურა ხალხის ჭკუა, ხალხის გონება, გრძნობა, ფიქრი, ჩვეულება და განათლების ხარისხია.

წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

მწერლობა ძალაა, ერთი უმთავრეს იარაღთაგანია ერის წინსვლისა, მისი გონებისა და ცხოვრების გაუკეთესებისა...

ვაჟა-ფშაველა

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 15:15 | შეტყობინება # 28
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ნოდარ დუმბაძე

დიდრო 1 ნაწილი

სხვამ რომ ჩინ-მედლები ჩამოიტანა რუსეთ-იაპონიის ომიდან, ედემიკა ვეშაპიძემ პორტ-არტურიდან მამალი ათაშანგი ჩამოიტანა, მერე თავის და დაფინო აფხაზავას ტვინგაწყალებულ ნაყოფს დიდრო დაარქვა და ვითომ აქ არაფერიაო, ისე დაიკრიფა გულზე ხელი და ისე ათრევია თავი ოთხ მუტრუკს კონცხოულას სასაფლაოზე. ობლად დარჩენილმა დიდრომ, თავის მხრივ დედა უტირა თავისი დიდი სეხნიის, ფრანგი განმანათლებლის დენი დიდროს მოძღვრებას ადამიანის თანდაყოლილი ნიჭის შესახებ და სადღაც ორჯერ ორსა და სამჯერ სამს შორის რომ ღობეა, იმაში გაეკვეხა თავით სამუდამოდ.

- ეუ! დიდროია, პორტ-არტურის შპიონო!

- ეუ! დიდროია, იოამას ნაბიჭვარო! - გაჰკივიან სუფსის ჭალაში გუთურელი ბიჭები და სიცილით ასკდებიან ერთმანეთს.

- დადექით, თუ ბიჭები ხართ, თქვე შობელგაღლეტილებო. და გიტირებთ დედის სულს! - ბღავის დიდრო და მოღერებული ქვით დასდევს ჭალაში გაფანტულ ბიჭებს.

- დიდროია ბურძგალა!

- დიდროია ხაბაკა!

- დიდროია ქაფურა! - მიჰკივიან სუფსის ჭალაში ძუნძულით მიმავალ დიდროს გუთურელი ბიჭები და მერე სამგელიას მორევში იგრილებენ გახურებულ ბეჭებსა და ცხელ ქვიშაზე სირბილით დაფუფქულ ფეხისგულებს.

ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, დიდროიას მოღერებული ქვა ესროლოს ბავშვებისათვის, მოიქნევს ხელს, მერე იმ მოქნეულ ხელს შუაგზაზე მოთოკავს, ისე დახედავს იმ რიყის ქვას, თითქოს ქვა კი არა, მარგალიტი იყოს და სასოებით ჩაიდებს დაკონკილ შარვლის ჯიბეში.

დიდრო და დიდროსნაირი სახელები ვის გაჰკვირვებია გურიაში. მარტო გუთურში სამამულო ომამადე 4 ოტელი, 8 ჰამლეტი, 7 შექსპირი, 5 დეზდემონა და 3 ოფელია ცხოვრობდა, მაგრამ წივილ-კივილითა და ჟივილ-ხივილით არავინ დადევნებია. დიდრო სხვა იყო. დიდრო, გარდა იმისა რომ დიდრო იყო, კიდევ ბურძალა იყო, ხაბაკა იყო და ქაფურა იყო.

ბურძგალა იმიტომ იყო დიდრო, რომ თმა ჰქონდა ზღარბივით აბურძგნული და, გარდა ამისა, ნიძლავზე, ხიდან ჩამოგდბეულ წაბლს ბურძგალას შიშველი ფეხით აცლიდა.

ხაბაკა იმიტომ იყო დიდრო, რომ მაგაზე მეტ სიმძიმეს კაცი ვერ წევდა. რამდენჯერ მინახავს, როგორ მიაცილებდა სამ მანეთად ან მანეთად ორივე მხარზე ხურჯინებგადაკიდებული და გაძეძგილი კალათებით მკლავებდაწყვეტილი დიდრო სოფლიდან რაიონულ ცენტრში ვიღაცას. კაცი ან გამოუცდელი ან ხვადაგი უნდა ყოფილიყო, ასეთ დროს დიდროს რომ მისალმებოდა. მე შენ გეტყვი, არ გაგიჩერდებოდა, ბარგს ჩამოდგამდა, ჩამოჯდებოდა, დაისვენებდა და ისე გამოგელაპარაკებოდა. დადგებოდა ასე აქლემივით დატვირთული, კისერწაგრძელებული, თვალებგადმოკარკლული და გაგიბამდა მუსაიფს.

- ვისი ხარ შენ, კი ვერ გიცანი!

- მე ვარ ნოდარი, ქიშვარდის ბადიში!

- აუ, რა კატლეტს მაჭმევდა უფასოდ ბაბუაშენი გუთურის სასადილოში პოვრად რომ მუშაობდა. საიდან მოდიხარ?

- ქალაქიდან.

- ხომაა მშვიდობა?

- კი.

- რამდენი დღით ჩამოდი?

- ერთი კვირით.

- აუ, რას დამგვანებიხარ, ბიჭო! ერთი კვირა გამოგაკეთებს შენ?

- დიდროია, გამოადგი ფეხი, მაგვიანდება ავტობუსზე! - აჩქარებს ბარგის პატრონი.

- მაცალე, ბიჭო, კაცთან ლაპარაკი. თვარა დაგიყრი ამ ხაბაკს აგერ შარაზე და გადაიხიე ის შენი სამი მანეთი თავზე! - აფრთხიელბს ბარგის პატრონს, - ლადიკოს ბიჭია, კალანდაძის, - მაცნობს შემდეგ მე.

- ვიცნობ, დიდრო!

- აუ, რა გაუხარდება მამიდაშენს ახლა შენი დანახვა! გაიგებდი ალბათ, გველმა რომ უკბინა თამაზის, შენს მამიდაშვილს!

- აქ არ ვიყავი, დიდროია, მაშინ? - გავახსენე დიდროს.

- ისიც გეცოდინება, აბა, ჯარში რომ წაიყვანეს!

- მაგიც ვიცი!

- ყველაფერი თუ იცოდი, რაღას მოდიოდი, ვერ დარჩი ქალაქში? - ეწყინა დიდროს.

- გავბრუნდები, აბა, უკან, რადგან ასეა! - ვეუბნები დიდროს.

- ფეხი არ მოიცვალო აქედან, მივურბენიებ ამ გლახას ამ ხაბაკს ავტობუსამდე და ამ წუთში აქ გავჩნდები! - მეუბნება დიდრო და ძუნძულით გარბის. მერე უცებ ტრიალდება მე მეხვეწება: - არ დამიძახო ბიჭო, ახლა, დიდროია ხაბაკაო, და რომ მოვბრუნდები, უფულოდ წაგიღებ მაგ ჩემოდანს სოფელში. მაინც იქით მაქვს გზაი.

ყელში მობჯენილ ბურთს ძლივს ვაბრუნებ უკან და ღიმილით ვუქნევ თავს დიდროიას. ღიმილს ვამბობ, თორემ ვაი ასეთ ღიმილს, ერთი ტირილი ქვეყანას მირჩევნია. მერე ჩემოდანს ვდგამ გზის პირას, ზედ ვჯდები და ძუნძულით მიმავალ დიდროიას ველოდები.

რაც შეეხება ზედმეტ სახელს „ქაფურას“, იგი ამ სამი წლის წინ შეერქვა დიდროს ჩემი თანდასწრებით.

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 15:18 | შეტყობინება # 29
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
დიდრო. გაგრძელება

საზაფხულო არდადეგებზე გახლდით ჩასული სოფელში. კვირა დღე იყო. მთელ გუთურელ ლაზღანდარებს საპარიკმახეროში მოეყარათ თავი და გაფაციცებით ადევნებდნენ თვალყურს დალაქ ექვთიმე ყვაპუტასა და დიდროს პაექრობას. საპარიკმახეროში რომ შევედი, პაექრობა კარგა ხნის დაწყებული იყო და ჩემთვის ყურადღება არავის მოიქცევია.

- დიდრო ბატონო, კიდევ ერთი ამოცანა მკითხე და თუ ვერ ამოვხსენი, მთელი თვე უფასოდ გპარსავ. - ეხვეწებოდა ექვთიმე ყვაპუტა დიდროს (ექვთიმეს - „ყვაპუტას“ მისი მორჩილი ტანისა და სიმსუქნის გამოე ეძახდნენ. მთელ სოფელში ექვთიმე ერთადერთი კაცი იყო, რომელიც დიდროს ბატონობით ელაპარაკებოდა. დიდრო, რა თქმა უნდა, დაცინვას ვერ ხვდებოდა და „ბატონოს“ ღირსეულად იფერებდა).

- კარგი, აბა, თვითონ, ბატონო ექვთიმე, მითხარი მე შენ, ორი ქვეყნის: ამერიკისა და იაპონიის საზღვარზე მამალი ზის ღობეზე, თავი იქით აქვს - იაპონიის საზღვარზე, და კუდი აქეთ - ამერიკისკენ. დადვა უცებ მამალმა კვერცხი ზედ შუა საზღვარზე, რომლისაა კვერცხი - ამერიკისა თუ იაპონიის? - ჰკითხა დიდრომ და პასუხის მოლოდნში თვალები მოწკურა.

- ამერიკის! - დაიძახა ვითომ გახარებულმა ექვთიმემ.

- რატომ? - ჰკითხა ირონიულად დიდრომ.

- იმიტომ, რომ კუდი ამერიკისკენ აქვს, დიდრო ბატონო! - დაასაბუთა ყვაპუტამ.

- მაგი არაფერს არ ნიშნავს. - ჩაუყარა წყალში ნაშრომი დიდრომ.

- იაპონიისაა კვერცხი! - დაიხია უკან ექვთიმემ. (ეს ცნობილი ამოცანა ლაფსუსია, ჯერძოდ ის, რომ მამალი კვერცხს არ დებს, დიდროს არ მოსწონს, რადგან მთელმა მსოფლიომ იცის მისი ამოხსნა. დიდროს სხვა, ახალი, უფრო საინტერესო და მოულოდნელი ფინალი აქვს მომზადებული).

- ვაი, შენ აბდალა, სადა აქვს ამერიკას და იაპონიას საზღვარი? - ჰკითხა დაცინვით დიდრომ ექვთიმე ყვაპუტას.

საპარიკმახერო შეაზანზარა სიცილმა.

- შენი ყოფილა, ბატონო დიდრო, ქვეყანა და ესაა. - გაშალა ხელები წაგებულმა ექვთიმემ. - მაინც სად ისწავლე ეს ამოცანა?..

- სად და, პორტ-არტურში! - ისე თქვა დიდრომ, თითქოს გუშინ დაბრუნებულიყოს იქიდან.

- როდის მოასწარი, დიდრო ბატონო, პორტ-არტურში ყოფნა?

- მე და მამაჩემი სად ვიყავით აბა, ცხრაას ოთხში? - ჰკითხა თავის მხრივ დიდრომ.

- დედაშენი სად იყო მაშინ?

- რა უნდა ველაპარაკო ამ აბდალას, - მოგვიბრუნდა ჩვენ დიდრო. - მამაჩემმა მერე არ შეირთო დედაჩემი, პორტ-არტურიდან რომ დაბრუნდა?

ყველამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

- შენ სად იყავი მაშინ, დიდრო ბატონო? - ჩასდია ქვესკნელში ყვაპუტამ.

- სად ვიყავი და, მამაჩემში!?

- მახსოვრობა მაქვსო, ამან უნდა თქვას! - შეაქო ყვაპუტამ და უცებ უზომოდ შეწუხებული ხმით სთხოვა გახარებულ დიდროს: - დიდრო ბატონო, რაღაც ნასიცხარს გავხარ, აბა, ერთი ენა გამოყავი გარეთ!

შეშინებულმა დიდრომ ჯერ ჩვენ შემოგვხედა, შემდეგ მორცხვად გამოყო ენის წვერი და დაელმებულმა დახედა ზედ.

- მაგაზე რა შეგატყო, დიდრო ბატონო, გამოიმეტე მაგი ენა კიდევ ცოტა, შენ კაცო!.. - უსაყვედურა ექვთიმემ.

დიდრომ თვალები გადმოქაჩა, უზარმაზარი ენა გადმოაგდო ცოფიანი ძაღლივით და სწორედ მაშინ დაუსვა ექვთიმე ყვაპუტამ იმ ერთ მტკაველზე გადმოგდებულ ენაზე გაქაფული ფუნჯი.

- ეუო! - ამოიგმინა დიდრომ, მაგრამ ქაფით გამოტენილი პირი რომ ვერ დახურა, გულზე აფარებული ჭუჭყიანი ზეწარი ჩაიბუშტა პირში და ზმუილით გავარდა გარეთ, გავარდა და... სწორედ იმ დღიდან მიემატა დიდროს კიდევ ერთი ზედმეტი სახელი. სწორედ იმ დღიდან გახდა დიდრო დიდროია ქაფურა.

- ეუ, დიდროია ქაფურა, შე პორტ-არტურის შპიონო!

- ეუ, დიდროია ქაფურა, შე იოამას ნაბიჭვარო!

- ეუ, დიდროია ქაფურა! - მიჰკივიან იმ დღიდან გეთურელი ბიჭები სუფსის ჭალაში ძუნძულით მიმავალ დიდროს და ერთმანეთს ასკდებიან სიცილით.

. . . . . . . . . . . .

ამბავი რომელსაც ქვემოთ მოგითხრობთ, შარშან მოხდა. გაზაფხულზე სოფელში ვიყავი სამი დღით ჩასული, ოდაზე კრამიტის გამოცვლაში უნდა მივხმარებოდი მამიდაჩემს. მაისის თვე იყო. გაგანია მუშაობის დრო.

ჩაის კრეფის გეგმა არ ჩაგვივარდესო და, რაიონის დაზაფრულ ხელმძღვანელობას მასწავლებლიან-მოსწავლეებიან, დირექტორიან-დარაჯიან, დალაქიან, მკერავიან, მრეცხავიან, დახლიდარიან, მწველავიან, მთესველიან, მბარავიან, მთოხნელიანად ყველა ჩაის პლანტაციაში ჰყავდა გამოყრილი. სერგია ბრიგადირის თხოვნით, იმ დილით მეც გავედი სამუშაოზე.

ჩაის დუყი ერთ მტკაველზე ალორთქილიყო და კვალს შესეულ თეთრწინსაფრიან და წითელ-ყვითელ პერანგა გოგო-ბიჭებს ისე აეჭრელებინათ ბარდნალის ფერდობი, გაგიკვირდებოდათ, გუშინ რომ წვიმა არ იყო, ერთ ღამეში ამდენი ყვავილი მთის ამ მწვანე კალთაზე რამ ამოაბიბინაო.

ჩაის ძირითადად, რა თქმა უნდა, ქალები და მოსწავლეები კრეფდნენ. მამაკაცები კი ზოგი მწონავებსა და მზიდავებს ეხმარებოდა, ზოგიც გვერდზე გადგარიყო და თუთუნის კვამლში გახვეული ქვეყნის ამბებს ყვებოდა. ჩემს მოვალეობას მოკრეფილი ჩაის დავთარში აღნუსხვა და მისი დახარისხება შეადგენდა. სწორედ ამ საქმით ვიყავი გართული, რომ ვიღაცამ დაიძახა, - დიდროია ქაფურა მოდისო.

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 15:22 | შეტყობინება # 30
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
დიდრო. გაგრძელება

დიდრო ზევიდან ქვევით მოყვებოდა ბარდნალას. ყურებამდე გაღიმებული აქეთ-იქით სალამს არიგებდა, თან ქვამოღერებული აფრთხილებდა ბავშვებს.

- გამარჯობა თქვენი, ბაღნებო, არ დამიძახოთ ახლა ქაფურაო, თვარა ამ თავდაღმართში ვერც ერთი ვერ გამასწრებთ.

- დიდროია ბურძგალას გაუმარჯოს!

- რა გითხარით მე თქვენ?! - ცქვიტა ყური დიდრომ.

- ახლა არ თქვი, დიდროია, ქაფურა არ დამიძახოთო? - შეახსენა ვიღაცამ.

- რამ გაყო ქაფურა და ბურძგალა?! - მკაცრად იკითხა დიდრომ.

- აბა, შენ გაგიმარჯოს დიდროია ხაბაკა!

- ა კიდო?! - შედგა დიდრო და იქითკენ გაიხედა, საიდანაც „ხაბაკა“ დაუძახეს.

- აბა, რა ქნან, დიდრო ბატონო, ამ ბაღნებმა, აღარც ბურძგალა, აღარც ხაბაკა და აღარც ქაფურა თუ რა დაგიძახეს, ყველა ჩემსავით ღვთისნიერი ხომ არ იქნება? - შეაბრალა ბავშვები დიდროს ექვთიმე ყვაპუტამ.

- მაგას კიდევ პორტ-არტურის შპიონი მიძახონ, ის მირჩევნია, მე ხომ ვიცი, რომ არ ვარ და... - აირჩია დიდრომ, მერე ჩემთან მოვიდა, მხარზე ხელი დამკრა და მითხრა: - შემიტანე სიაში, ქიშვარდიეს ბადიშო!

- რომელ სიაში , მკრეფავების, მწონავების, თუ მზიდავების? - ვკითხე დიდროს.

- რომელი ჯობია? - მთხოვა რჩევა დიდრომ.

- მე თუ მკითხავ, ახლა, აგერ, ხის ძირში მხართეძოზე წამოწოლას არაფერი ჯობია, დიდრო!

- მხართეძოზე სახლშიც კი ვიწექი, აბდალა. ჩამწერე მზიდავებში! - გადაწყვიტა დიდრომ.

ჩავწერე.

- როგორ ჩამწერე? - მკითხა დაეჭვებით.

- დიდრო ედემიკას ძე ვეშაპიძე! - წავუკითხე მე.

- შემახედე!

შევახედე. დიდრომ დიდხანს უყურა სიას, მერე ექვთიმე ყვაპუტას მიუბრუნდა და ჰკითხა:

- დასტურ ასე წერია, ექვთიმა?

- დასტურ!

- არც ბურძგალა, არც ხაბაკა, არც ქაფურა?

- არც ბურძგალა, არც ხაბაკა, არც ქაფურა, დიდრო ბატონო!

- აბა, ამიწიეთ მაგი გოდორი! - ეცა გოდორს გახარებული დიდრო. გოდორი ვეებერთელა იყო და მძიმე.

- მაგი გოდორი დიდია და მძიმე, დიდრო ბატონო, თან ჩაი სველია, ჯერ ცვრიანი, გაგიჭირდება, - გააფრთხილა ექვთიმე ყვაპუტამ.

დიდროს გაეღიმა, გვერდით მდგომ ქესკინა მელივას ბიჭს იღლიებზე ხელი შეუცურა, გოდორზე შეაგდო და - დამიბეკნეო, უთხრა, ქესკინას ბიჭმა გოდორი შუაზე ჩაიყვანა.

- დაუმატეთ! - თქვა დიდრომ.

დაუმატეს.

- კიდე!

კიდევ დაუმატეს. პირთამდე გაივსო გოდორი, გაიძეძგა.-

- ეყოფა, შე მამაძაღლო, ხომ ხედავ, წვენი გაუვიდა! - ჩამოაგდო ექვთიმე ყვაპუტამ გოდრიდან ქესკინას ბიჭი. დიდრომ გოდორი მოსინჯა, ემსუბუქა.

- ამას კრეფდით მთელი სოფელი? - გვისაყვედურა, - დაადევით მაგი ტომარა ზევიდან!

დაადვეს.

- მეორეც!

- გადელდა! - თქვა ყვაპუტამ.

- ნიძლავი! - თქვა დიდრომ.

- ასი გაპარსვა! - წამოიძახა ყვაპუტამ.

- ექვთიმა, ერთი წლის გაპარსვა მაქვს შენთვის მოგებული დღეში ორჯერ. ახლა შენ დამენიძლავე, ქიშვარდის ბადიშო, მაგ შარვალზე, - მითხრა დიდრომ და ჩემს ტეხასურ შარვალს ჩააშტერდა.

- არ მინდა ნიძლავი, დიდრო, ისე მოგცემ.

- ისე რა, შენი მათხოვარი კი არ ვარ! - ეწყინა დიდროს.

- ახლა ნუ გამხდი და შინ რომ მივალ, გამოვიცვლი და მოგართმევ.

დიდრომ ისევ მოსინჯა გოდორი, ოდნავ შეყოყმანდა, მაგრამ უკან აღარ დაიხია.

 
ფორუმი » Test category » მეგრელების ფორუმი » ქართული პროზა და პოეზია
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

Copyright MyCorp © 2024ჰოსტერი uCoz