კვირა, 22.10.2017, 11:03
Мой сайт
 
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 3 დან«123
ფორუმი » Test category » მეგრელების ფორუმი » ქართული პროზა და პოეზია
ქართული პროზა და პოეზია
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 15:24 | შეტყობინება # 31
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
დიდრო. გაგრძელება

- ამიწიეთ! - თქვა და გოდრის წინ ჩაიმუხლა. ვიღაცამ ბაწარი მოარბენინა, ის ორი გატენილი ტომარა ზევიდან დააკრეს ტყვიასავით გაძეძგილ გოდორს და ოთხმა კაცმა დიდი გაჭირვებით მოჰკიდა ზურგზე დიდროს გოდორი.

- გამაგრდი, დიდროია ხაბაკა! - შეეშველა ვიღაცა.

- არ წახდე, ბურძგალა!

- მიდი, ქაფურა, მიაწექი!

დიდრო დაბარბაცდა, გაუშვი ხელი, თორემ წააგე! - დასჭყივლა ვიღაცამ. დიდრომ დამდუღრულივით წაართვა ხელი ტუნგოს და ისევ დაბარბაცდა.

- შეეშვი, დიდრო, მაგას და ახლავე ვიხდი შარვალს. - ვთხოვე მე, მაგრამ დიდროს გაჩერება აღარ შეიძლებოდა. იგი დაიძრა, ჯერ მთვრალი კაცივით ზიგზაგებით გაჰყვა ბილიკს, მერე ნელ-ნელა გამართა ნაბიჯი, კიდევ, კიდევ და ბოლოს ძალიან მძიმე, ძალიან დინჯი და ძალიან ნელი ნაბიჯით გაუდგა გზას ჩაის პუნქტისაკენ. ღვედები თითის დადებაზე ჩაუჯდა მხრებში. კისრის მყესები იმ ღვედებივით დაეჭიმა, შუბლზე ლურჯი ძარღვი ამოებურცა და თვალები სისხლით აევსო.

- გააჩერე! - ვთხოვე ექვთიმე ყვაპუტას.

- სუფასას გააჩერებ ახლა და მაგას ვერა! - თქვა ექვთიმემ.

- ჩაის პუნქტამდე 250-300 მეტრი იქნებოდა. ხალხი ერთხანს გაშტერებული იდგა, კაცი არ ჩანდა, მათ წინ ფეხადგმული უზარმაზარი, უფორმო, კლდის ნაგლეჯი თუ რაღაც ორფეხზე შემდგარი განათხარი გიგანტური ცხოველი მიაბიჯებდა. მერე ბრბო უცებ დაიძრა და იმ ფეხადგმულ ზღაპრულ მაჯლაჯუნას აედევნა. ბავშვები წინ გავარდნენ.

- მიდი, დიდროია!

- ცოტა და, შენია ნოდარას შარვალი!

- მიდი, მიდი, დიდროია! - ამხნევებდნენ ბავშვები.

- ახლა მაგის საცოდაობა თუ გინდა, უნდა დაუარო თავი და გამარჯობა უნდა უთხრა! - იხუმრა ვიღაცამ. ხალხმა გულიანად გაიცინა.

- მიდი, დიდრო, ათი ფეხის ნაბიჯი დაგრჩა!

- რვა... შვიდი... ექვსი...

- გაუძელი, დიდრო!

- სამი... ორი...

- ერთი... დიდრო, კაცი ხარ, კაცი! - კიოდნენ ბავშვები და გუგუნებდა ხალხი.

დიდრო გოდრიანად დაჯდა მიწაზე სასწორის გვერდით. ერთხანს დამბლადაცემულივით იჯდა, მკლავებ და ფეხებმოწყვეტილი. სილურჯემ რომ გაუარა და კირივით გაფითრებულუ ტუჩებში სისხლი რომ დაუბრუნდა, გაიღიმა და გულაღმა გაგორდა ბალახზე. მერე პირდაღმა ჩაბრუნდა და ოფლიანი სახე გრილ ბალახზე გადააგორ-გადმოაგორა. ოთხმა კაცმა რის ვაი-ვაგლახით შეაგდეს გოდორი სასწორზე. ყველანი სასწორს მივცვივდით. ერთი გირი შემოუგდეს, მეორე, მესამე, მეოთხე, ვერაფერმა რომ ვეღარ გადაწონა, ქვა დაუდეს გვერდით - ათ კილოს უდრისო.

- მოკალით ღვთისშვილი, შობელძაღლებო? - იკითხა გაოცებისაგან თვალებგადმოცვენილმა ბენედიქტე მწონავმა.

- რამდენია? - იკითხა ვიღაცამ.

- 141 კილო! - თქვა ბენედიქტემ.

- აუუუ! - ამოიგმინა ხალხმა. ყველა იქით შებრუნდა, სადაც გაგორებული დიდრო ეგულებოდათ, მაგრამ დიდრო იქ აღარ იყო. იგი თავჩაქინდრული, წელში მოხრილი და მკლავებჩამოყრილი უკანმოუხედავად მიძუნძულებდა ბილიკზე, სუფსის ჭალაში. ეს იყო ერთადერთი დღე მის ცხოვრებაში, როდესაც არავის დადევნებია დიდროია, პორტ-არტურის შპიონოს, დიდროია, ოიამას ნაბიჭვაროს, დიდროია, ბურძგალას, დიდროია, ქაფურას, დიდროია, ხაბაკას ძახილით.

141 კგ ჩაი ჩავწერე დიდრო ედემიკას ძე ვეშაპიძის გასწვრივ წითელი ფანქრით და დავთარი დავხურე.

საღამოს ის ტეხასური შარვალი გავიხადე, დიდროს თვალი რომ ზედ დარჩა, გაზეთში გავახვიე, სხვა შარვალი ჩავიცვი... გაზეთში გახვეული შარვალი იღლიაში ამოვიჩარე და დიდროსთან წავედი.

დიდროს ყავრით გადახურული ორთვალიანი პატარა ოდა ზედ სუფსის პირას დგას. მთელი ჩემი ბავშვობა ამ სახლის გარშემო სირბილში გავატარე და არასდროს აზრად არ მომსვლია შიგ შემეხედა. არ ვიცი შიშის გრძნობა იყო ეს თუ რიდისა, რომელსაც ყველა მარტოხელა კაცის სახლი იწვევს, არც ის ვიცი, მაშინ რომელი გრძნობა მჭარბობდა. ერთი კი ცხადია, დიდროს სახლში არასოდეს შემიხედია. ისე კი ყოველ გაზაფხულს საათობით ვმდგარვარ გადარეული სუფსის პირას და შეშინებული, გულისფანცქალით ველოდი, აი ახლა, აი ახლა დაარტყამს ტალღა, დალეწავს და ნაფოტივით წაიღებს დიდროიას სახლს-მეთქი, მაგრამ სახლი იდგა არხეინად, წარბშეუხრელად და გადელებულ სუფსას არაფრად აგდებდა. რამდენჯერ გამიმხელია ბაბუაჩემისათვის ეს ბავშვობის შიში და იმასაც უთქვამს: - შენ კი არა, ბაბუა, მეც ბავშვობიდან, ყოველ ლანქრობას ველოდები მაგ სახლის წაღებას, მაგრამ არ დაადგა საშველი. კუდიანი იყო დიდროიას მამა ედემიკა, ისეთ კლდეზე უდგას ფეხი იმ ოდას, ერთი კი არა, ორი სუფსა ვერ გამოუთხრის ძირს, ისე სულ ბეწვზე კი ჰკიდია შეჩვენებული.

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 15:26 | შეტყობინება # 32
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
დიდრო. გაგრძელება

სუფსა ამ გაზაფხულზეც უსაშველოდ ადიდებული იყო. ჰოდა, ახლა დიდროს ეზოში რომ შევედი, ჯერ იმ ბავშვობის შიში დამეუფლა, მერე სიხარული, რომ სახლი ისევ ისე არხეინად იდგა და ამ ღამეში ერთადერთი ანთებული თვალით გასცქეროდა გადარეულ მდინარეს.

ცა ისე იყო მოწმენდილი და ვარსკვლავებით გაჭედილი, მთვარეს ფეხის მოსაცვლელი ადგილი აღარ დარჩენოდა და შუა ცაში იდგა გაფითრებული და გაშტერებული.

ცნობილია, გიჟებს უზომოდ უყვართ ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები, ამიტომ როდესაც დიდროს ეზოში ჩავედი და ოთხი თუ ხუთი ძაღლი შემომეგება კუდის ქიცინითა და წკმუტუნით, არ გამკვირვებია. ისიც ვიცი, რომ ძაღლი სხვის ეზოში კაცს არ უყეფს, ამიტომ როდესცა ამ ხუთიდან ერთმა დამიყეფა და შემომიღრინა, მივხვდი, დიდროსი იყო. გავჩერდი, ძაღლის სახელი არ ვიცოდი და ყასიდად, დიდრო, დიდრო-მეთქი დავუძახე, თან თვალით ქვას და ჯოხს დავუწყე ძებნა. ძაღლი უცებ გაჩერდა, მერე კუდის ქიცინით გამეხახუნა - მობრძანდით, ბატონოო და კარგი მასპინძელივით ამიძღვა აივანზე. ოთახის კარი ღია იყო. შუა ოთახში ძველებურ მრგვალ მაგიდაზე ჭრაქი ბოლავდა. აისისა თუ დაისის მაგვარი ბინდი იდგა ოთახში. თვალი რომ შევაჩვიე ბინდს, დავინახე: მარჯვენა კუთხეში პატარა, დაბალ მაგიდაზე ღვთისმშობლის ხატი ესვენა, წინ ბზის გამხმარი ტოტი ედო. მარცხნივ კედელზე ორი გახუნებული სურათი ეკიდა ახალგაზრდა ქალისა და ულვაშებაწკვიტინებული ჩოხოსანი მამაკაცისა. დაფინოა და ედემიკაა ალბათ, გამიელვა ფიქრმა. სურათების ქვეშ ტახტი იდგა. ტახტზე დიდრო იწვა ტანგაუხდელად. თავთან, სამფეხა სკამზე, პატარა სველი დოქი იდგა. ოთახში კიდევ ერთი მრგვალსაზურგიანი სელის სკამი იდგა. ეს ყველაფეირ თვალის ერთი მოვლებით შევამჩნიე, მეტი ვერაფერი. თუმცა, არა, ოთახის ჭერზე ელექტრონათურაც ეკიდა, მაგრამ არ ენთო.

- დიდრო, შეიძლება? - ვკითხე მორიდებით.

თავი დამიქნია ღიმილით, მერე სელის სკამს შეხედა, ალბათ - დაბრძანდითო, უნდოდა ეთქვა;

- ისვენებ, დიდრო? - ვკითხე.

- არაო, - გადაიქნია თავი.

- რამე ხომ არ გტკივა, დიდრო?

- კიო, - თავი დამიქნია. უსიამო ჟრუანტელმა დამიარა ტანში. ახლოს მივედი, დოქი ტუჩთან მივუტანე, თავი წამოვუწიე და წყალი დავალევინე.

- რა გტკივა, დიდრო?

- გაწყდა, - თქვა დიდრომ ჩურჩულით, წყალი რომ მოსვა.

- რა? - ჩურჩულით ვკითხე მეც ძალაუნებურად.

- არ ვიცი!

- სად, დიდრო?

- აქ და აქ... - დიდრომ მარცხენა ხელი გულზე დაიდო, მარჯვენა საფეთქელთან მიიტანა. - აქა და აქ გაწყდა!

ისევ დამიარა ჟრუანტელმა. მხოლოდ ახლა შევამჩნიე, დიდროს სახე ნაცრისფერი ჰქონდა, თვალები კი - შეშინებული.

- წავალ და ექიმს მოვიყვან! - ვთქვი და წასვლა დავაპირე.

- არ დამტოვო!

მტაცა ხელი დიდრომ და ისე მაგრად მომიჭირა, ძალაუნებურად დავჯექი. თვალს არ მაცილებდა, ის ძველებური ელვა აღარ დაურბოდა შიგ.

- რამდენი იყო? - მკითხა.

- რა? - გამიკვირდა და მერე მივხვდი, ჩაიზე მეკითხებოდა.

- 141 კილო, დიდრო!..

- მაგი რამდენია?

- ძალიან ბევრი.

- მაინც?

- რვა ფუთი და ცამეტი კილო.

- ბევრია მაგი?

- 17 ბათმანი და 5 კილოა, დიდრო!

- კი ყოფილა ბევრი!

- წავალ ახლა და ექიმს მოვიყვან, დიდრო! - წამოდგომა დავაპირე.

- არ დამტოვო!

შემევედრა შეშინებული დიდრო და ისე მაგრამ მომიჭირა ხელი მაჯაზე, ძვლებმა გაიტკაცუნეს. ყვირილი მინდოდა, მაგრამ შემრცხვა და გავუძელი.

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 15:28 | შეტყობინება # 33
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
დიდრო. გაგრძელება

- შარვალი მოგიტანე, დიდრო!

- რა შარვალი, ბიჭო? - მკითხა და ოდნავ შემიშვა ხელი.

- წაგებული შარვალი.

- ბიჭო, შენ ხუმრობა არ იცი? - მკითხა დიდრომ.

- მე მაინც ორი მაქვს, დიდრო...

დიდრომ მაგიდისკენ გაიხედა, სადაც გახვეული შარვალი იდო, დიდხანს ფიქრობდა, მერე მომიბრუნდა და ისევ ჩურჩულით მითხრა.

- თქვი: დედა მომიკვდეს, მამა მომიკვდეს, ყველა დამეხოცოს თუ მიგატოვო დიდროია-თქვა!

- დედა მომიკვდეს, მამა მომიკვდეს, ყველა დამეხოცოს თუ მიგატოვო დიდროია. - გავიმეორე ხმის კანკალით.

- მიდი ახლა შკაფთან და გამოაღე ქვედა უჯრა. - მითხრა დიდრომ და ძალიან ფრთხილად გამიშვა ხელი.

მე განჯინისაკენ წავედი. თვალი გამომაყოლა. მივედი. დავიხარე და ქვედა უჯრა გამოვაღე.

- არის რამე შიგ? - მკითხა დიდრომ. უჯრა სავსე იყო მანეთიანებითა და სამმანეთიანებით. - რამდენია?

- ბევრი.

- მაინც?

- იქნება ასე. 100-200 მანეთი.

- შენ შარვალს ეყოფა?

- გაგიჟდი, დიდრო?

- მოდი აქ ახლა და დაჯექი!

მივედი. ისევ მტაცა მაჯაში ხელი, ოღონდ ახლა უფრო ფრთხილად.

- შენია მაგი, ნოდარა! მე ახლა მოვკვდები. ამ შარვლით, მე რომ მაცვია, კაცის დამარხვა საცოდაობაა. აგი გამხადე და იგი ჩამაცვი, ოღონდა ახლა არა, მეტკინება, მერე, რომ მოვკვდები... - დიდრომ თვალები დახუჭა. დიდხანს ძალიან დიდხანს დუმდა. მისი მაგრად მოჭერილი და მხურვალე ხელი რომ არა, დაძინებულს ჰგავდა. სუნთქვაც ისეთი ჰქონდა.

- ბიჭო ნოდარა, განათდა! - თქვა დიდრომ უცებ და ლოგინზე წამოჯდა. - განათდა, ბიჭო, ყველაფერი და დაბრუნდა თავის ადგილას, დაბრუნდა და დალაგდა. ყველაფერი თავის ადგილას დადგა - სახლი, ჭალა, სუფსა, ძაღლი, ძროხა, დოქი, ჭრაქი, ხბო, ბუხარი, ხატი, დედაჩემი, მამაჩემი, ადრე რომ ბნელში დაბორიალობდა, ყველაფერი განათდა და დალაგდა. - ფანჯარაში გაიხედა. - ღმერთი გამოჩნდა, ღმერთი, დაილოცოს, ღმერთო, შენი ძალა, ეს რა ჰქენი, რაფერ გაანათე და დაალაგე ყველაფერი ასე. გამოდი, დაენახვე ნოდარას... გამოდი... ორიჯერ ორი ოთხია, ნოდარა, სამჯერ სამი - ცხრა... განათდა და დალაგდა... - დიდრომ მარჯვენა ხელი საფეთქელზე მიიდო, მარცხენათი ისევ ჩემი მაჯა ეჭირა. - აგერ განათდა აქ... ყველაფერს ვხედავ შიგნითად და გარეთაც. ვხედავ, ნოდარა, ვხედავ, შიგნით ვკვდები და გარეთ გამოვდივარ... ვტოვენ შიგნით ყველაფერ ტკივილს, ვტოვებ და გარეთ გამოვდივარ... გამოდი, სულო, გამოდი სინათლეზე, გენაცვალოს დიდრო... რას შვები, ღმერთო, გაგიჟდი? - იკივლა უცებ. - მკლავ, ღმერთო? ახლა, ყველაფერი რომ გაანათე და გამართე, ყველაფერს თავისი ადგილი რომ მიუჩინე, ახლა მართმევ სულს? გაჩერდი, მე შენ გელაპარაკები, დადექი, არ გაუშვა, ნოდარა, თხოვე, ნოდარა, არ მომკლას, ბიჭო, სადა აქვს სამართალი, ახლა მკლავს, ყველაფერი რომ გამინათა და დამილაგა? გამოვიდეს და დაგენახოს, დაგენახოს და დაგელეპარაკოს! ახლა მკლავს, ქაფურა რომ აღარა ვარ. ბურძგალა რომ აღარა ვარ... რას შვები, ღმერთო, არ მომკლა, ე, ბიჭო ნოდარა, თხოვე, ერთი დღე რაა მაგისთვის, ერთი დღე მაცოცხლოს ასე ნათელი, დალაგებული და გამართული... მერე მომკლას, თხოვე, ნოდარა, შენ უღმერთო და უნამუსო, თხოვე!.. - დიდრო ყვირილიდან ჩურჩულზე ჩამოვიდა, მერე სულ წაერთვა ხმა, სულ გაუქრა და გულაღმა გადავარდა. ახლა მხოლოდ ტუჩების მოძრაობაზე ვატყობდი, ისევ იმას მეხვეწებოდა, ღმერთისთვის მეთხოვა კიდევ ერთი, მხოლოდ ერთი დღე ეცოცხლებინა ასე გამართული, დალაგებული და განათებული. წამოხტომა და გაქცევა დავაპირე, მაგრამ დიდროს ისე მაგრად ვეჭირე, ხელს თუ ვინმე მოჭრიდა, თორემ ისე ჩემი გამშვები არ იყო და მაშინ ვიკივლე მეც:

- მიშველეთ, ხალხო! დიდრო კვდება, ეი, ხალხო! ექიმს დაუძახეთ, დიდრო კვდება, დიდროოოო! ეჰე-ჰეეე! გამოდით გარეთ, უშველეთ დიდროიას კვდება დიდრო!!! - გარეთ კი გადარეული სუფსა ბღაოდა, მოანგრევდა ხეს და მიწას და ჩემი კივილი არავის ესმოდა. მაშინ მუხლებზე დავეცი და ოთახის მარჯვენა კუთხეში დასვენებულ ღვთისმშობელს მივაპყარ მზერა.

- ნუ მოკლავ, ღმერთო, დიდროიას, ახლა მაგის სიკვდილი გაგონილა? ახლა, ყველაფერი რომ დაულაგდა, გაუსწორდა და გაუნათდა!.. ღმერთო!.. - მერე ნელ-ნელა ვიგრძენი, როგორ მოდუნდა დიდროს ხელი, როგორ გაშალა თითები და როგორ დაესვენა მისი მტევანი სამფეხა დოქის გვერდით. დიდრო აღარ სუნთქავდა.

- ეს არის, ღმერთო, სამართალი?

უხმოდ ავდექი და გარეთ გამოვედი. ეზო ცარიელი იყო. ძაღლები სადღაც წასულიყვნენ. მხოლოდ დიდროს ძაღლი იწვა ჭიშკართან, თავი წინ გაწვდილ თათებზე დაედო და უზომოდ ჭკვიანი თვალებით მიყურებდა.

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 15:31 | შეტყობინება # 34
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
დიდრო. დასასრული

ცაში ავიხედე, ნაცრისფერი ღრუბელი მომძლავრებულიყო და ახლა მთვარე დამნაშავესავით ეფარებოდა იმ ღრუბელს, თან ჩუმად მიიპარებოდა ციდან.

სუფსა ღრიალით ასკდებოდა კლდიან ნაპირს, დიდროს ოდა ისევ ბეწვზე ეკიდა და ისევ შემაწუხა ბავშვობის დროინდელმა შიშმა.

- ღმერთო, ახლა მაინც დაარტყი ტალღა, დაანგრიე და გაატანე სუფსას ეს უბედური სახლი! - ასე ვთხოვე ხმამაღლა. სუფსა გაუგონარი სიძლიერით ღრიალებდა. მე ალბათ ვერ გავაგონე ზეციერს ვედრება. სახლი ისევ ისე არხეინად იდგა და არაფრად აგდებდა გადელებულ ლანქერს.

ეზოდან გავედი. ძაღლი ადგა და წალმოწყვეტილივით გამომყვა.

- სად მოდიხარ, ძაღლო? - ვკითხე მე. ძაღლმა, თითქოს შერცხვაო, თვალი ამარიდა, თავი დახარა და კუდი ამოიძუა.

წავედი. ცოტა ხნის შემდეგ მოვიხედე. ძაღლი ისევ მომდევდა, ოღონდ ახლა უფრო მოშორებით.

- სად იყავი, ბიჭო, ამ შუაღამისას? - გამომარკვია ვიღაცის ხმამ. შევკრთი. ავხედე, თეიმურაზი იყო, ჭანაშვილი, ჩვენი სოფლის აფთიაქარი.

- დიდროსთან ვიყავი!

- რაო დიდრომ?

- მოკვდა დიდრო, თეიმურაზ ბატონო, აღარ არის, გარდაიცვალა. - ვუთხარი მე.

- არ გადამრიო - შეიცხადა მას, - ისე კი უქნია ღმერთს მადლი; საცოდაობა იყო მაგის სიცოცხლე. დაილოცოს, ღმერთო, შენი სამართალი. - პირჯვარი გადაისახა, შებრუნდა და დიდროს სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა. დიდროს ძაღლი ახლა თეიმურაზ ჭანაშვილს გაჰვა თავჩაღუნული და კუდამოძუებული.

ცას ავხედე. მთვარე საერთოდ წასულიყო ციდან.

ნოდარ დუმბაძე 1973

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 15:32 | შეტყობინება # 35
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ვაჟა-ფშაველა
ია
უღრანს ტყეში მოსული ვარ... მანამ ცოცხალი ვარ, ჩემის სილამაზით დავატკბობ ტყეს, ბალახს და იმ გაღმიდამ გამომცქერალს გულსავსიანს კლდესა, სურნელებას მივაფრქვევ არე-მარეს. ყველას ვუყვარვარ: აგერ იმ დამპალს ყუნჭს თვალი სულ ჩემსკენ უჭირავს, მიცინის ხოლმე, უნდა ჩემთან მოვიდეს, - მაკოცოს, მაგრამ არ შეუძლიან, მხოლოდ შორიდამ გამიცინებს, გაიღიმება საცოდავად, თუმცა უშნოდ, მაგრამ გულკეთილობა კი დიდი გადაეფინება ხოლმე პირზედ.

განა მარტო იმას უხარიან ჩემი სიცოცხლე? წვერხმელი ხეებიც მე დამხარიან ზევიდამ, თვითონ თავშიშველნი, ტოტებს მე მაფარებენ: ჩვენს იას არ შეგვიცივდეს, ან არაფერმა არ აწყინოსო. პირდაპირ შხაპუნა წვიმას არ უშვებენ ჩემამდის: წვიმას შეუძლიან ერთბაშად ჩამომაცალოს ფოთლები. უფოთლებოდ ყოფნა და სიკვდილი ჩემითვის ერთია. არა, ხეები: არყი, წიფელი, თხილი, თამელი, დუდგულა გარშემო მეხვევიან და მყარაულობენ, წვიმის ნამს ინახავენ ტოტებით, ფოთლებით და მერე ნელ-ნელა მამცვრევენ პირზე თითო-ოროლ ნამობით, პირსა მბანენ. მე ყელს მოვიღერებ და ვინატრებ, ნეტა სიმღერა შემეძლოს, ნეტავი დამბადებელს ჩემთვის ნიჭი მოეცა, რომ მექო მაღლა ცა და ღრუბელი, მზე, ეს ჩემი მფარველი ხეები, ეს მთები, ის ჭალები და ღაბუა ჩიტები, რომელნიც ხმელს, ყვითელს ფოთლებში წითლის და მწვანის ფრთაბუმბულით ჩემს წინ დაგოგავენ და ხანდახან შემომჭიკჭიკებენ პირში, მათამაშებენ, უხარიათ ჩემი სიცოცხლე. ჩემი ერთი თვის სიცოცხლე სხვის ოცდაოთხის თვის სიცოცხლეს სჯობია, მაგრამ დიდხანს სიცოცხლეს კი დანატრებული ვარ. დილას ერთმა „წიფლის-ჩიტამ“ ჩემს ახლოს იგალობა, ლამაზი რამ იყო, - ყელწითელი, ღაბუა; იმასაც ჩემსავით თავი მოსწონდა, იხედებოდა გულზედ და მხრებზედ; ყველას მოსწონს თავი, ყველას უხარიან სიცოცხლე, ყველას უყვარს ბუნება.
გუშინ ცამ იჭექა, ჭექა-ქუხილი ჩვენ არ გვაშინებს: ქუხილი წვიმის მომასწავებელია და წვიმა ხომ ძუძუს გვაწოვებს დედამიწის გულზე. მზე - მამაა, ზევიდამ დაგვყურებს და გვეალერსება, თვალყურს გვადევნებს. წვიმის მოსვლა მცენარეთ უხარიანთ, - უხარიანთ, ყელამდის სიხარულით მოიყარნენ; ეხლა ისინი ახალს კაბებს და ქათიბებს ჩაიცმენ. აი ეს ორი დღეა, რაც ჩემი დობილი სასუტელაც ამოჩნდა; უხარიან, უხარიან საცოდავს, სულ თავს იქნევს დაბლა და მაღლა, უკრავს თავს დედამიწას, მზის სინათლეს, მეჩურჩულება, ზღაპრებს მიამბობს სიცოცხლეზე, სიყვარულზე; ხანდახან კიდეც გაიკასკასებს, გადამეხვევა და მაკოცებს. გუშინ დილით მე და ჩემმა დობილმა ორივემ ვიტირეთ.

რა შეუბრალებელია კაცი?! რასაც კი დაინახავს, უნდა რომ თავის სასარგებლოდ მოიხმაროს. ალბათ ვერ აფასებს ჩვენს სილამაზეს! ჩვენ წინ კაცმა გამოიარა, ცალს მხარზედ ცული ედო, მეორეზედ თოფი ეკიდა. მიადგა ერთს მშვენიერს ტოტგადართხმულს წიფელს, დაუშინა ცული და წააქცია. საბრალო, როდესაც წაიქცა, დაიკვნესა. ჩვენს იქით გუგულისკაბა ამოსულიყო და ჯერ ხმელს, ჩამოსულს ფოთოლს არ ამოსცილებოდა. როდესაც ხე წაიქცა, გადიყრეინა ზევიდამ ფოთლები და წითლად გამობჭყვინდა, ცრემლები დასხმოდა ჩაღრმავებულს გულში.
შუადღის დროს დაღალულ-დაქანცული ქედანი მოვიდა და დაჯდა ჩვენ წინ თელის ტოტზე და დაიწყო ღუღუნი. უხაროდა იმასაც გაზაფხულის მოსვლა და ის, რომ მშვიდობით ნახა კიდევ ნაცნობი ადგილი. უცებ თოფი გავარდა, ქედანმა ხმა გაკმინდა, ჯერ ფეხით ჩამოეკიდა ტოტზე, მერმე ძირს ჩამოვარდა, ჩემს წინ დაეცა. სისხლი წამოუვიდა ნისკარტიდამ და თვალები დახუჭა; გადმონადენი სისხლი წვეთ-წვეთად დაეტყო ფოთლებზე. მე და სასუტელას კანკალი მოგვივიდა... მე გარკვევით არაფერი მესმის, მხოლოდ რაღაც ბუბუნი, გრიალი, ბუნდი ჟრიამული მოდის ჩემამდის.

ვაჰმე, რა საბრალო არი
ია, მოსული მთაზედა!
ბეჩავს დააზრობს სიცივე,
ან ელვას დაჰკრავს თავზედა;
ღმერთს მიუცია საწყლისად
მოკლე სიცოცხლე ჟამია,
ქვეყნისა მისგან შვენება
ერთი ბეჩავი წამია.
ია დაიწყებს კდომასა,
დაიქვითინებს: „ვაჰმეო!
თუ გამაჩინე, უფალო,
დიდი დღე რად არ მამეო?!“

 
ბუბუთარიღი: შაბათი, 12.09.2009, 15:33 | შეტყობინება # 36
admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 105
რეპუტაცია: -2
სტატუსი: Offline
ვაჟა-ფშაველა
მთის წყარო
არაფერი ცოდვა არ მიქნის ჩემს სიცოცხლეში. ვერცერთი სულიერი, ვერც უსულო, ჩემს ცოდვას, ჩემს სიავეს ვერ იტყვის. ღმერთს ესე დაუწესებივარ: უნდა ვიდინო, ვიდინო; ყველამ ჩემით უნდა მოიკლას წყურვილი. გახურებულს ზაფხულის დღეში რამდენი ნადირი მოდის, სვამს ჩემს წყალსა, რამდენი დაღალულ-დაქანცული მუშა მოვა, მოიტანს ცელს, ნამგალს გასალესად. კაცნი მსმენ და ათასში ერთი თუ იტყვის: „დაილოცე, ცივო მთის წყაროვ, რომელი ღვინო შეგედრებაო?!“ უმრავლესობა ზედ მაფურთხებს. რა ვქნა, მე ვერავის მივაფურთხებ. დეე, ისევ მე მაფურთხონ! რა ბედნიერადა ვგრძნობ ჩემს თავსა, ღმერთო! რა კარგი მეგობრები მყვანან გევრდსა! აი, ჯერ ეს ლოდები, სქლად მწვანე ხავსი რომ გადაჰკვრია; აი, კიდევ ჩემს თავზედ პირყვითელი კლდე რომ დაყუდებულა და დამცქერის, მეხურება თავზედ მუზარადივით. ეს დევებივით ქორაფები როგორ აწვდილან ზეცად და მზის სხივსაც არ უშვებენ ჩემამდის! სქელი, გველებივით დაკლაკნილი ფესვები ჩემს უბე-კალთაში ჩაუწყვიათ. ორისა თუ სამის ვერსის სიგრძეზე ვარ მხოლოდ ბედნიერი და უცოდველი, მერე დამლევს, ჩამნთქავს უზარმაზარი მდინარე, დაიკარგება ჩემი სახელი, ჩემი ვინაობა. როგორც უნდა, ისე მათამაშებს. თითონ ხომ ღრიალებს, ბორგავს, აწყდება აქეთ-იქით, ანგრევს დედამიწას, გლეჯავს ხეებსა და მიათრევს, მეც იმასვე ჩამადენინებს. მაგრამ მაშინ მე ის აღარა ვარ, რაც ეხლა, ამ წამში, როდესაც პირველად კლდიდამ ვიბადები. ოჰ, ამ მდინარისაგან გული მაქვს გახეთქილი! რამდენჯერ აქ მესმის ხოლმე ხალხის ჟივილ-ხივილი: „დაახრჩო წყალმა კაცი, უშველეთ, ღმერთი არავისა გწამსთო!“ ცოტა არ არის, მეც ბრალი მედება. ვაჰ, ჩემო თავო!

ნეტავი დამბადებელს ესე არ დავეწესებინე და სულ დაუსრულებლად მედინა, მერწყო მცენარენი, დედამიწის ლამაზი გული, მომეკლა კაცთა და ცხოველთათვის წყურვილი! რა ბედნიერად ვგრძნობ ხოლმე ჩემს თავს, როცა მე ჩავუვლი გასახმობად დამზადებს ბუერასა და იგი თავს დამიკრავს, სალამს მაძლევს, თან თავისის ფოთლებისას კაბას მიკერავს. მერე რომ ჩადუნიანში ჩავრაკრაკდები და ისინიც გარს შემომერტყმიან და ტრფიალით მომძახიან: „გაუმარჯოს მთის წყაროს, გაუმარჯოსო!“ ახლა ზვავისაგან წამოთელილს თხილებსა და ურძნებს დავულბობ დამჭკნარს ფესვებსა და მაღლა ავახედინებ... ოჰ, ღმერთო ჩემს ამაგს რად აფუჭებინებ იმ ტიალს, აბეზარს, დაუდეგარს, მოუსვენარს მდინარეს! წუხელის რა ცუდი სიზმარი ვნახე!.. ღმერთო დამბადებელო, ჩვენო პატრონო, ჩვენო შემნახველო, კარგად ამიხდინე!.. ვნახე, ვითომ ვიღუპებოდი. გვალვა, დიდი გვალვა დამდგარიყო; ბალახნი, ხენი, ჩემნი მშობელნი, დამჭკნარიყვნენ, მეც დავმშრალიყავი თითქმის. ღაბუა, ლამაზი „წიფლისჩიტა“ ჩამოფრინდა ვერხვის ტოტიდამ და უნდოდა ჩემს გუბეში ბანაობა, მაგრამ ვეღარ დაისველა მხრები და დაიწყო ტირილი. ვხედავდი ამას და გული მიკვდებოდა: „სად წახველ, ჩემო მადლო-მეთქი“, - ვდუდუნებდი. დამჭკნარი დიყვი, შუპყა, შამბი, არყი, ცაცხვი და ურძანი, - ყველანი ერთად შფოთავდნენ: - „მივაშველოთ წყაროს წყალი, არ დაგვიშრესო!“ მაწვდიდნენ ფოთლებიდამ, ტოტებიდამ, ფესვებიდამ თითო-ოროლა ნამობით, მაგრამ ვეღარასა მშველიდნენ. თანაც ვითომ მიწამ პირი მიყო და დაუსრულებელს უფსკრულში უნდა დავღუპულიყავ. შემეშინდა და გამომეღვიძა. გული მიკანკალებდა, შუბლზე ოფლი დამსხმოდა. ავიხედე, ნისლებით გაჭედილიყო ხევ-ხუვი. ქორაფმა ტოტები დამკრა, აკვანი დამირწია და დამდუდუნა: „ნუ გეშინიან, პატარავ, არ დაშრები, არ დაიკარგებიო!“ ამ დროს, დღისით ფრთხილი და წინდახედული, ზურგზე რქებგადაყრილი, „ყელყურლამაზიანი“ ირემი მოვიდა გაჩქარებით, დაეწაფა ჩემს წმინდა წყალს, დალია და გაძღა. მაშინ გულდამშვიდებულმა ვსთქვი: - „არა ვარ გამშრალი, არაო!“

[1888წ.]

 
ფორუმი » Test category » მეგრელების ფორუმი » ქართული პროზა და პოეზია
გვერდი 3 დან«123
ძებნა:

Copyright MyCorp © 2017ჰოსტერი uCoz